ბუტა რობაქიძის საქმე – გურამ დონაძემ ვიდეომტკიცებულებები გაასაჯაროა

„როგორც მოსალოდნელი იყო, პროკურატურა წავიდა ყველაზე „ღირსეულ“ ქმედებაზე. როგორც ვაანონსებდი, ე.წ. მთავარ დამნაშავეს, ზაზა ბაქრაძეს გაუფორმა საპროცესო და მისი მოგონილი ჩვენების მოტივი ჩვენ წინააღმდეგ უკვე ცხადზე ცხადია, თუ რატომ მისცა მან ასეთი ჩვენება, თითქოს დანაშაული იქნა ჩადენილი მაშინ“, – ამის შესახებ ამირან(ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ  განაცხადა.

დონაძის თქმით, 6 წლის განმავლობაში სასამართლოზე დაკითხულ არც ერთ პატრულ-ინსპექტორს არ უთქვამს, რომ რაიმე დადგმულ გადაღებაში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული.

გურამ დონაძე დარწმუნებულია, რომ სასამართლოს მიერ, ხვალ უდანაშაულოდ იქნება ცნობილი.

„მთელი ამ 6 წლის მანძილზე სასამართლოზე დაკითხულ არც ერთ პატრულ-ინსპექტორს არ უთქვამს, რომ მათ რაიმე დადგმაში ან რაიმე დუბლების გადაღებაში ჰონდათ მონაწილეობა მიღებული… ასევე, ბრალდების არც ერთ მოწმეს არ უთქვამს სასამართლოსთვის, რომ მათ დაინახეს ვინ და როგორ მიიტანა იარაღი, რაც სრული აბსურდია, რომ იქ ვინმემ რამე მიიტანა საერთოდ.. მათ შორის, თავად პროკურატურასთან გარიგებულ ზაზა ბაქრაძესაც კი არ უთქვამს თავის ე.წ. აღიარებით ნაწილში, რომ იარაღი მან გადმოზიდა ზურაბ მიქაძესთან ერთად, არადა ბაქრაძეს სწორედ ამ ქმედებისთვის ჰქონდა ბრალი წაყენებული….

აქვე, არ არსებობს არც ერთი მოწმე, რომელმაც სასამართლოზე განაცხადა, რომ გურამ დონაძის რაიმე მითითება ან რაიმე ბრძანება შეასრულა 2004 წლის 24 ნოემბერს შემთხვევის ადგილზე. ხოლო ამ საქმის მაშინდელი დროის მთავარი გამომძიებლები ვინც ეს საქმე 2004 წელს გამოიძიეს და მაშინ სასამართლოში წარადგინეს. ისინი დღეს ხელისუფლების კვლავ მაღალჩინოსნები არიან და მაშინდელი დიდუბის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, ბატონი გელა ბადრიაშვილი დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.

რობაქიძის საქმის ასევე მაშინდელი გამომძიებელი ბატონი ბესიკ კოჭლამაზაშვილი დღეს მთავარ პროკურატურაში, საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსია. რობაქიძის საქმის ასევე მაშინდელი ზედამხედველი პროკურორი ბატონი ბაქარ ბეჟუაშვილი დღეს ქუთაისის რაიონული მთავარი პროკურორია…

დაბოლოს, კიდევ ერთი გამომძიებელი(ასევე მაშინდელი), შალვა ნიქაბაძე, რომელსაც ჩემზე უმძიმესი მუხლით აქვს ბრალი 2013 წლიდან წაყენებული და რომელმაც რობაქიძის საქმიდან თანამდებობაზე ყოფნისას ნივთმტკიცება – პისტოლეტი მოიპარა-მიითვისა და მერე გააჩუქა, დღეს დასაქმებული ყავთ ბოლნისის გამგებლის მოადგილედ და პრემიას პრემიაზე იღებს…

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ვერც ერთმა ექსპერტმა, მათ შორის პროკურატურის ჯიბის ექსპერტმა სამხარაულის ბიუროდან, ასმათ მატუშევსაიამაც კი ვერაფერი დაწერა ჩვენთვის მთავარ მტკიცებულებაზე, სადაც აშკარად და ხილულად ჩანს დაჭრილი ამირან რობაქიძე ჯერ კიდევ ცოცხალი, რომელიც მოძრაობს და ამოსუნთქვებს აკეთებს. აქვე ჩანს სწორედ ის იარაღები რასაც პროკურატურა დაობს. ჩანს დაკავებულის ხელზე საათი და ამ საათზე ექსპერტიზით დადგენილია დრო 02 საათი და 20 წუთი. ასევე სასწრაფო რობაქიძის გარდაცვალების დროდ საქმეში უთითებს 02 საათსა და 22 წუთს და აქვე ხილულია ფაქტი, თუ როგორ გადასცემს გადამღები ჯგუფი 022-ს დაჭრილი მამაკაცისა და შეიარაღებული ჯგუფის დაკავების შესახებ ინფორმაციას.

პატივცემულებო, დარწმუნებული ვარ, სამართლიანი სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილებით, ხვალ ვიქნები უდანაშაულოდ ცნობილი და ვფიქრობ, რომ ჩემი სახით ამ ქვეყანას აღარ ეყოლება განსხვავებული აზრის გამო ციხეში უდანაშაულოდ გამოკეტილი პოლიტპატიმარი და ამ შემთხვევაში არა როგორც ყოფილი ჩინოვნიკი, არამედ როგორც რიგითი ჟურნალისტი, რომელმაც არაერთი წარმატებული პროექტი შევქმენი და სიტყვა „მადლობა პატრულს“ ამ ქვეყნაში ტრენდად ვაქციე…

დაბოლოს მე ჩემი უდანაშაულობა ჯერ კიდევ მაშინ დავამტკიცე, როდესაც ბრალდადებული საკუთარი ნებით 2013 წელს დავბრუნდი ქვეყანაში და გამოძიებას არსად დავემალე“, – აღნიშნა დონაძემ.

 

https://youtu.be/CMEiHQ0kjFE

 

 

 

banner
წინა სტატიაშიმაღაზია „სმაილი” გაქურდეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ათონელზე დღეს, ჟურნალისტებთან ერთად მივა