ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის ფიგურანტების პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ეპიზოდს. საქმეში ბრალდებულ ხუთ პირს შორის შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა არიან.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 3 მოწმე უნდა დაიკითხოს. მათგან 1 პატრულის ყოფილი თანამშრომელია, 2 კი კრიმინალური პოლიციის. სამივე მათგანი მომხდარის დროს მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა.

საქმეში ბრალდებული 5 პირიდან ერთი – ზაზა ბაქრაძე მიმალვაში იმყოფება, ირაკლი ფირცხალავა სხვა საქმეშია ბრალდებული და სასჯელს იხდის. გურამ დონაძე, დავით იაშვილი და ზურაბ მელქაძე კი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები. სამივე მათგანი პროცესს ესწრება, სხდომაში მონაწილეობას მიიღებს პატიმრობაში მყოფი ირაკლი ფირცხალავაც.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა რობაქიძის მკვლელობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის კამერით გადაღებული ვიდეომასალა უნდა წარმადგინონ, რომელიც, მათი მტკიცებით, უწყვეტად არის ჩაწერილი და მისი ნამდვილობა FBI-მაც დაადასტურა. ბრალდებულები აცხადებენ, რომ აღნიშნული მასალა მომხდარის ღამეს მტკიცებულებების გაყალბებას და დანაშაულის დაფარვის მიზნით შემთხვევის ინსცენირებას გამორიცხავს.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები დაახლოებით, 5 წელია მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაციის დროს დაზიანებული კორპუსის შემოწმება დღეიდან დაიწყება
შემდეგი სტატია“ლომჯარია ხელისუფლების გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცეს და ობიექტურად კრიტიკული უნდა იყოს” – ოთო კახიძე