ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ბუშერის ატომური ელექტროსადგურის გარშემო ვითარება კრიტიკულია.
„როსატომის“ ხელმძღვანელმა, ალექსეი ლიხაჩოვმა პირდაპირ განაცხადა, რომ მოვლენები „ყველაზე ცუდი სცენარით“ ვითარდება.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ცნობით, ჭურვის ნამსხვრევმა სადგურის დაცვის თანამშრომელი (ირანის მოქალაქე) იმსხვერპლა. აფეთქების ტალღამ დააზიანა სადგურის ერთ-ერთი შენობაც.
ისრაელის მაუწყებელი „Kan“ იტყობინება, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მაღალჩინოსნები მოსკოვთან კოორდინაციაში არიან, რათა უზრუნველყონ რუსი სპეციალისტების უსაფრთხო გასვლა ირანის ტერიტორიიდან.
ვითარების სერიოზულობიდან გამომდინარე, „როსატომმა“ პირადად ვლადიმერ პუტინს მიაწოდა ინფორმაცია სადგურზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ.
ევაკუაციის პროცესი თებერვლის ბოლოდან, ომის დაწყებისთანავე დაიწყო, თუმცა შაბათს განხორციელებული გაყვანა ყველაზე მასშტაბურია.














