ბურჭულაძე დიდ კონკურენციას გაუწევს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

paata_burchuladze_29893პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც საზოგადოების ყველაზე დიდ კეთილგანწყობას „საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე იმსახურებს, არ გაკვირვებია.

როგორც ხუხაშვილმა „ახალ თაობას“ განუცხადა, აღნიშული შედეგი იმით არის განპირობებული, რომ ბურჭულაძე პოლიტიკაში ინტეგრირებული არ არის.

„ჩვენი პოლიტიკური ელიტა, სამწუხაროდ, ნეგატივით და მინუსებით არის დამძიმებული. პაატა ბურჭულაძეს ამ მხრივ ნეგატივი არ აქვს და ის მთლიანად პოზიტივშია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ასეთი ტიპის გამოკითხვაში პირველ ადგილზე გავიდა.

ეს შედეგი განპირობებულია იმით, რომ ბურჭულაძე პოლიტიკაში ინტეგრირებული არ არის და პოლიტიკური ელიტის მიმართ არსებული უარყოფითი განწყობა მასზე არ არის გადასული“, – აცხადებს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგის პროგნოზით, ბურჭულაძის რეიტინგი პოლიტიკურ ნაწილში გადაინაცვლებს და ის დიდ კონკურენციას გაუწევს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“.

„როგორც ვატყობ, ის პოლიტიკისკენ მიდის და მის ძალას, საბოლოო ჯამში, კარგი შედეგი ექნება. ყველა შემთხვევაში, მას პარლამენტში მოსახვედრად კარგი შანსები აქვს. სხვა პოლიტიკური ძალებისგან განსხვავებით, ის ბევრად სერიოზულად იქნება წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში. თეორიულად, მან შეიძლება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ შეუქმნას რაღაც პრობლემები. იდეალურთან მიახლოებულად თუ იმუშავებს, ბურჭულაძეს ძალიან მაგარი შედეგების დადება შეუძლია“, – აღნიშნავს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, ბურჭულაძემ საკუთარ გუნდში წარსულში ჩარჩენილი მარგინალი პოლიტიკოსები არ უნდა გაიკაროს.

„მის გარშემო რამდენიმე კარგი სპიკერია, გიორგი რუხაძე და დავით ჯანდიერი სიმპათიურად გამოიყურებიან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამ გუნდს ქმედითი პოლიტიკოსები სჭირდება. ის უნდა შეეცადოს, რომ თავი დაიზღვიოს წარსულში ჩარჩენილი მარგინალი პოლიტიკოსებისგან. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც საქმის კეთება არავის სურს და ყველა ცდილობს პარაზიტობას“, – აცხადებს ხუხაშვილი.

IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე დიდ კეთილგანწყობას პაატა ბურჭულაძე იმსახურებს. ბურჭულაძის მიმართ აღნიშნული პოზიცია გამოკითხულთა 75%-მა გამოხატა.

banner
წინა სტატიაშიორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია ავტობუსის მძღოლებმა გადაკეტეს
შემდეგი სტატიააუდიტორია 115-ის წევრები საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელს ხვდებიან