ბურჭულაძე: ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ჩვენმა სამხედროებმა, მებრძოლი სულით საუკეთესოდ წარმოაჩინეს ქართული სახელმწიფო

ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ჩვენმა სამხედროებმა თავიანთი პროფესიონალიზმით, თავდადებითა და მებრძოლი სულით საუკეთესოდ წარმოაჩინეს ქართული სახელმწიფო და ჩვენი ჯარი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სენაკის სამხედრო ბაზაზე, ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს ღირსეული სამსახურისთვის.

„ყველას გილოცავთ ჩვენი სამხედროების წარმატებული და ერთ-ერთი ხანგრძლივი მისიის დასრულებას ავღანეთში. დღეს თქვენთან ერთად ვარ ამაყი, რადგან ჩვენმა სამხედროებმა მისიაში თავიანთი პროფესიონალიზმით, თავდადებითა და მებრძოლი სულით საუკეთესოდ წარმოაჩინეს ქართული სახელმწიფო და ჩვენი ჯარი. მისიის დასრულება მინდა, მივულოცო სამხედროებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ქართველი და ამერიკელი სამხედროები მხარდამხარ იბრძოდნენ ავღანეთში საერთაშორისო მშვიდობის დასაცვად.

2004 წლიდან ავღანეთში მიმდინარე მისია ნათლად მოწმობს, თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებთ ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას. ჩვენი პარტნიორები ამ ძალისხმევასა და მზადყოფნის დონეს ყოველთვის განსაკუთრებით აფასებენ. თითოეულ თქვენგანს, ვინც დაბრუნდით მისიიდან, გილოცავთ დღევანდელ დღეს და ამასთანავე ათასობით სამხედროს, ვინც სხვადსხვა როტაციის დროს მსახურობდით ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ღირსეული სამსახურისთვის. ჩვენს ჯარს დღეს პარტნიორები იცნობენ როგორც გაბედულ, მამაც და ღირსეულ ჯარს და ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ქართულმა ჯარმა ამ დროის მანძილზე მიიღო მნიშვნელოვანი საბრძოლო გამოცდილება, რამაც კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესა თავდაცვის ძალების დონე.

„მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფას და ტერიტორიზმთან ბრძოლას ქართულმა ჯარმა არაერთი გმირის სიცოცხლე შესწირა და მინდა, პატივი მივაგო ჩვენი გმირი სამხედროების ხსოვნას, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ემსახურნენ ქვეყანას. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო მისიის შესრულებისას ჩვენს ასეულობით დაჭრილ-დაშავებულ სამხედროს და გპირდებით, რომ უკვე გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად, მაქსიმალურად გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას და გვერდში დგომას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამხედროების რეპუტაცია მომავალშიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ატლანტიკურ ინტეგრაციას. ასევე მივესალმები იმ სამხედროებს, რომლებიც დღესაც იმყოფებიან და მომავალშიც გააგრძელებენ სამსახურს პარტნიორებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. საქართველოს თავდაცვის ძალები მუდმივად იქნება მზად, შეასრულოს მასზე დაკისრებული ამოცანა, მისთვის დამახასიათებელი უმაღლესი პროფესიონალიზმით.

გპირდებით, რომ არ დავზოგავთ თავს და განვაგრძობთ თქვენზე და თქვენს ოჯახებზე ზრუნვას. ჩვენ გპირდებით, რომ საკანონმდებლო დონეზე შეგიქმნათ საცხოვრებელი და სხვა სოციალური გარანტიები. ჩვენ გპირდებით, რომ საქართველოს ჯარისკაცი იქნება კიდევ უფრო დაფასებული და ამაყი. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ მისიის დასრულება და გისურვოთ წარმატება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშინაკაიძე: პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა დღემდე ვერ გაითავისა, რომ ენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო მოძალადეს, თუნდაც ეს იყოს საპატრიარქო
შემდეგი სტატიასათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები შემოსავლების სამსახურს უჩივიან და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ