ბულგარეთის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, ვაღიარებთ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებს

მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის დაჩქარებულად მინიჭებას, ვაღიარებთ რა ევროკომისიის მიერ 2022 წელს მიცემული რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებს, – ამის შესახებ ბულგარეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ეკატერინა ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და შავი ზღვის რეგიონში.

„ჩვენი ქვეყანა აგრძელებს თავის თანმიმდევრულ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზისა და მის მდგრად პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეყრდნობა ქვეყნის განვითარებისა და კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულებას, რომლითაც განსაზღვრულია საქართველოს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან და ღრმა და ყოვლისმომცველი ღია სავაჭრო სივრცის შეთანხმება. საქართველოს ძალისხმევა, გაიაროს აღნიშნული გზა, დადებითად ფასდება. დეკლარაციის ავტორები, აღნიშნავენ საქართველოს მიღწევებს ევროინტეგრაციის გზაზე, მზაობას გამოთქვამენ, მხარი დაუჭირონ მას ამ პროცესში და შესაბამისი დახმარება გაუწიონ საჭირო რეფორმების განხორციელების გზაზე. ბულგარეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მდგრადი და სტაბილური, განვითარებული მეზობლებისა და პარტნიორების ყოლა, განსაკუთრებით, რეგიონში არსებული უსაფრთხოების რთული სიტუაციის პირობებში. დეკლარაცია გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას და უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორულ მთლიანობას, მის საერთაშორისო კანონმდებლობის მიერ აღიარებულ საზღვრებში.

მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის დაჩქარებულად მინიჭებას, ვაღიარებთ რა ევროკომისიის მიერ 2022 წელს მიცემული რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებს. დეკლარაციის შემდგენნი მხარს უჭერენ საქართველოს და მისი ხალხის წადილს, ჰქონდეთ ერთიანი ევროპული მომავალი. საგარეო პოლიტიკის კომიტეტი გამოდის წინადადებით, კენჭისყრის გზით, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების და მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერ დეკლარაციას“, – განაცხადა ეკატერინე ზახაროვამ.

ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, რომელშიც მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

ეკატერინე ზახაროვას კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში„პოლიტიკო“ – ენტონი ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანი უახლოეს კვირებში სომხეთში შეიჭრას
შემდეგი სტატიაბაიდენი – ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი თავდაცვისთვის, ასევე პრიორიტეტულია, დაუყოვნებლივ გადაიჭრას ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში