8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

ბულგარეთის პატრიარქი: საქართველოს ეკლესიის ეს ანგელოზი ქართველი ერის ერთიანობის ბურჯი იყო

საქართველის კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს  გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს  ბულგარეთის პატრიარქი დანიელი.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უნეტარესი ილია II-ის მშვიდობით მიცვალების გამო, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი, სამღვდელოება და მრევლი ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ. ჩვენს დობილ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას – მღვდელმთავართა დასს, კეთილმსახურ სამღვდელოებასა და მორწმუნე ერს – ვუცხადებთ თანაგრძნობას და აღვავლენთ ლოცვებს.

საქართველოს ეკლესიის ეს ანგელოზი ქართველი ერის ერთიანობის ბურჯი იყო უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე და ტურბულენტურ ჟამს. იგი გახლდათ თავისი სამწყსოს მხურვალე მეოხი, გონიერი წინამძღოლი და ათასწლოვანი ტრადიციების განმაახლებელი; საქართველოსთვის – ნაზი და მოსიყვარულე მამა. მან სულგრძელად დაითმინა ხანგრძლივი სენის განსაცდელი და „ღელესა მას გლოვისასა” (ფსალმ. 83:7) გავლით, ტანჯვით მიეახლა ზეციურ საყდარს – იქ, „სადა არცა არს, არცა ურვა, არცა სალმობა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი“.

ნახევარი საუკუნის განმავლობაში, 1977 წლიდან მოყოლებული, იგი ღვთის ნებით, თავდადებითა და უანგარო სიყვარულით პატრონობდა მართლმადიდებელ ქართველ ერს. სწორედ ამიტომ დაიმსახურა საკუთარი ხალხის უსაზღვრო სიყვარული, ჩვენი – მართლმადიდებელი ეკლესიების მესაჭეთა – მოწიწება და პატივისცემა. იგი იყო ქართველი ერის გზამკვლევი და გამაერთიანებელი, ყოველი ჩვენგანისთვის კი —-მანათობელი და შთამაგონებელი მაგალითი. იგი იყო სანთელი, რომელიც “ჰნათობნ იგი ყოველთა” (მათე 5:15) და თავისი “კეთილისაგან საუნჯისა გულისა“ (ლუკა 6:45) მხოლოდ სიკეთეს გასცემდა. პატრიარქი ილია II ჭეშმარიტად ღვთის კაცი იყო!

ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მას და მარადის მადლიერებით გავიხსენებთ იმ ძმურ მხარდაჭერას, რომელიც მან ბულგარეთის კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და ნეტარხსენებულ პატრიარქ მაქსიმეს ბულგარეთში მომხდარი მტკივნეული საეკლესიო განხეთქილების (სქიზმის) დროს აღმოუჩინა. მას არასოდეს უღალატია ჭეშმარიტებისთვის, რომელსაც ქრისტესმიერი, თავგანწირული სიყვარულით ქადაგებდა.

უფალმა იესო ქრისტემ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით, განუსვენოს თავისი კურთხეული მონის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულს. მიუტევოს მას ყოველი შეცოდება, ნებითი თუ უნებლიე, და დაამკვიდროს იგი მართალთა სავანეში. უფალმა მიჰმადლოს მშვიდობა და ნუგეში ქართველ ხალხს და აღმოუჩინოს პატრიარქი ილიას ღირსეული მემკვიდრე“, –  აღნიშნულია ბულგარეთის პატრიარქის წერილში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა: ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ საქართველოს,მართლმადიდებელ საქრისტიანოს ილია II-ის გარდაცვალებას
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ვინც იმედგაცრუებული იყო მისი სიჩუმით, გაითვალისწინეთ ილია მეორე იყო ძალიან ცუდად და კონტროლის ქვეშ