ბუკა ნიკურაძის გარდაცვალების მიზეზს იტალიელი ექსპერტები შეისწავლიან

ლიმფობლასტური ლეიკემიით გარდაცვლილი ბუკა ნიკურაძის სადავო შემთხვევას იტალიის პადუას საუნივერსიტეტო კლინიკის ექსპერტები შეისწავლიან. ამის შესახებ დღეს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იაშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ და კლინიკის დირექტორმა შოთა ჯოგლიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც ბოლო პერიოდში საზოგადოებაში კლინიკის მიმართ გამოვლენილი აგრესიის გამო განცხადება გააკეთეს. ივანე ჩხაიძის თქმით, იაშვილის ბავშვთა კლინიკა საქართველოში პაციენტებს მეოთხე დონის სერვისს სთავაზობს, რაც ნიშნავს, რომ ყველა რთული პაციენტის მკურნალობა მათ კლინიკაში ხდება. კერძოდ, იაშვილის საავადმყოფოში 90 რეანიმაციული საწოლია, რაც საწოლთა ფონდის 30% შეადგენს. შოთა ჯოგლიძის განცხადებით კი, კლინიკაში ბავშვთა სიკვდილიანობა წელიწადში 1,5 %-ია. მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი საქართველოს სხვა კლინიკებთან შედარებით მაღალია, თუმცა დიდად არ ჩამოუვარდება ევროპისა და ამერიკის ანალოგიური კლინიკების მაჩვენებელს. მისივე განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი ევროპისა და ამერიკის ანალოგიურ საავადმყოფოებში 0,7-0,8 პროცენტს შეადგენს. კლინიკის ხელმძღვანელობის განცხადებით, ითვალისწინებენ საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესს, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიმართ და მიიღეს გადაწყვეტილება უცხოელ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გადამოწმდეს კლინიკაში დაფიქსირებული სადავო შემთხვევები. კერძოდ, შოთა ჯოგლიძის თქმით, 15-20 იანვარს საქართველოში იტალიის ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა, მათ შორის, პადუას საუნივერსიტეტო კლინიკის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პედიატრიული ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ასევე ონკოჰემატოლოგიური ლაბორატორიული სერვისის უფროსი. როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, იტალიელი ექსპერტები ლიმფობლასტური ლეიკემიით გარდაცვლილი ბუკა ნიკურაძის სადავო შემთხვევას შეისწავლიან. კლინიკის ხელმძღვანელობამ საუბრისას აღნიშნა, რომ დასკვნა მომავალი წლის იანვრის ბოლოს გამოქვეყნდება. კლინიკის ხელმძღვანელობამ საზოგადოებას მიმართა, ნუ გააკეთებენ წინასწარ იაშვილის კლინიკის მიმართ აგრესიულ და უარყოფით დასკვნებს და დაელოდონ აღნიშნული კვლევის შედეგების დასრულებას, რომელსაც ისინი საზოგადოებას გააცნობენ. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ბუკა ნიკურაძის გარდაცვალების მიზეზი იაშვილის კლინიკის ექიმის არასწორი დასკვნა გახდა, თუმცა, დღეს პრესკონფერენციაზე ითქცვა, რომ მოზარდს ლიმფობლასტური ლეიკემია 5 ლაბორატორიის დასკვნის საფუძველზე დაუდგინდა.

banner
წინა სტატიაში“ტვიტერზე” ISIS ლიდერის მიმართვის ქართულენოვანი თარგმანი გამოქვეყნდა
შემდეგი სტატია“მიუხედავად ჩემი სიმპათიებისა კვირიკაშვილისადმი, პოლიტიკა არ შეცვლილა და ერთი და იგივე გრძელდება”