რუსი დამპყრობლები ოპერაცია „მაიდან 3-ს“ ამზადებენ, რომ რომ ეჭვქვეშ დააყენონ უკრაინაში გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ამის შესახებ უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი კირილ ბუდანოვი აცხადებს.
მისი თქმით, რუსები ამ გეგმას ვერ განახორციელებენ.
„ახლა ძალიან სერიოზული ოპერაცია მიმდინარეობს. მათ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს გარდა იმისა, რომ ამას „მაიდანი 3“ დაარქვან – პრიმიტიული სახელი“, – განუცხადა ბუდანოვმა ჟურნალისტებს.
ბუდანოვის განმარტებით, იმ მოტივით, რომ ომის დროს უკრაინაში არჩევნები არ ტარდება, რუსებს სურთ, ხალხში გააჩინონ ხელისუფლების არალეგიტიმურობის შესახებ აზრი.
შეგახსენებთ, უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. უმაღლესი რადას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდებოდა.
განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში ომის დასრულებამდე არჩევნები არ გაიმართებოდა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა.