ბუჩუკური პრემიერს: როდის წარმოადგენს საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიას

პარტია ,,საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი – ანა ბუჩუკურმა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს კითხვით მიმართა:

„ბატონო ირაკლი, თქვენ პირადად აუცილებლად კარგად გემახსოვრებათ, რომ 2014 წელს ბატონი თომას ჰამერბერგის ანგარიშის საფუძველზე საქართველოში დამტკიცდა ნომერ პირველი ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია, რომელმაც მოიცვა 2014-2020 წლები. ამ დოკუმენტს ვადა გაუვიდა 2020 წლის ბოლოს. სწორედ ამიტომ 2020 წლის დასაწყისში მაშინდელი პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციამ დავიწყეთ აქტიური მუშაობა რიგით მეორე სტრატეგიაზე. ამ დოკუმენტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული ძალიან ბევრი სახელმწიფო უწყება, მათ შორის – თქვენი წარმომადგენლებიც – მაშინ თქვენ თავდაცვის მინისტრი ბრძანდებოდით. ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიის პროექტი იყო ფაქტობრივად შეთანხმებული, ამ პროექტით განსაზღვრული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო სასამართლო ხელისუფლებაში რეფორმირების პროცესის გაგრძელება – თუმცა, სამწუხაროდ, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ განსხვავებული პოზიცია – ისინი ამბობდნენ, რომ სასამართლო ხელისუფლებაში რეფორმა მორჩა და აღარ იყო საჭირო. ეს იყო მიზეზი, რის გამოც გარკვეული პერიოდი ამ დოკუმენტზე მუშაობა შეფერხდა. დღეს, როდესაც უკვე არსებობს პოლიტიკური ვალდებულება ( ვგულისხმობ 19 აპრილის შეთანხმებას), რომ ცალსახად გასაგრძელებელია მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა – გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, როდის წარმოადგენს საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიას დასამტკიცებლად პარლამენტში.“ – განაცხადა ბუჩუკურმა.

ანა ბუჩუკური პრემიერ გახარიას ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი იყო. როგორც ბუჩუკური ამბობს, მან ეს ინფორმაცია ერთხელ უკვე გამოითხოვა პრემიერის ახალი ადმინისტრაციისგან, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

„დაახლოებით 2 თვის უკან რეგლამენტის ფარგლებში წერილობით მოგმართეთ ამავე შეკითხვით და სამწუხაროდ პასუხი არ მიმიღია, ამიტომ თხოვნა იქნება, იქნებ ტრიბუნიდან გვიპასუხოთ.“ – განაცხადა ანა ბუჩუკურმა

banner
წინა სტატიაში“როდის მოიქცევა თქვენი მთავრობა ისე, როგორც შეშვენის ღარიბი ქვეყნის მთავრობას, ამ შავი “ჯიპებიდან” როდის გადმოსხდებით?”
შემდეგი სტატიაჩეხეთში ქარიშხალს ემსხვერპლა და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი