ბუჩუკური – ხელისუფლებას როცა სჭირდება სააკაშვილის საკითხი, დღის წესრიგის თემა ხდება

ეჭვი მაქვს, „ნაცებიც“ და „ქოცებიც“ „ნაც-ქოცური“ ალიანსის ბევრი შოუს ბევრ სერიას შემოგვთავაზებენ, ეს საკითხები რაც უფრო გაგრძელდება, ჩვენი გუნდისთვის უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი და საინტერესო გახდება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ანა ბუჩუკურმა კომენტარი გააკეთა პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც ნათქვამია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

ანა ბუჩუკურის თმით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანის მორიგი მცდელობა.

„სულ რამდენიმე დღის წინ, ნატო-ს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ სამიტზე საქართველო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ფაქტობრივად, არც იყო წარმოდგენილი, ხელისუფლებამ ისტორიული შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის ბარიერი ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, ვგულისხმობ, ნატო-ში ალიანს. ამ თემებზე არ ხდება კონცენტრირება. ახლა მიშას ექიმის თემა იქნება, მერე მიშას წნევა აუწევს. ყველა ადამიანს, მათ შორის, სააკაშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მაგრამ ყოველ ჯერზე, ხელისუფლებას როდესაც სჭირდება სააკაშვილის საკითხი, ამ „ნაც-ქოცური“ ალიანსის შედეგად, დღის წესრიგის თემა ხდება. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის საკითხი ბევრჯერ იქნება გამოყენებული ორივე პოლიტიკური პარტიის მიერ. ეს არის მიზეზი, რომ „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ მომავალ არჩევნებში 50 % ზე მეტი არ უნდა აიღონ. ყველა სხვა პარტიამ ამაზე უნდა იმუშაოს, რადგან სხვა შემთხვევაში, კიდევ შემდეგი ოთხი წელი ხალხმა უნდა უყუროს, ამ „ნაც-ქოცურ“ დღის წესრიგს, როდემდე შეიძლება? განვითარდა მთელი მსოფლიო. მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურა ფაქტობრივად იცვლება, სადაც ჩვენ არ ვართ. ქვეყანა, რომელსაც სულ რამდენიმე წლის წინ ომი ჰქონდა რუსეთთან, ოკუპირებულია და დღემდე გრძელდება მცოცავი ანექსია, ფაქტობრივად, ამ გლობალურ უსაფრთხოების გადალაგებაში გამორჩენილია და ყურადღების კონცენტრირება ხდება რაღაც მეათასე ხარისხოვან საკითხებზე, წარმოუდგენელია უბრალოდ“, – განუცხადა ანა ბუჩუკურმა საქართველოს პირველ არხს.

banner
წინა სტატიაშიგიული ალასანია – პოლონელ ექიმებთან კონტაქტი არ მქონია და გაუგებარია ჩემკენ ხელს რატომ იშვერენ
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა