ბუჩუკური – ჩვენ ვაინიცირებთ კანონპროექტს რომელიც იქნება სასამართლოში გავლენის ჯგუფების შესუსტებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარტია “საქართველოსთვის”წევრებთან მიხეილ დაუშვილთან და ბექა ლილუაშვილთან ერატად სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

,,გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი გუნდის – პარტია „საქართველოსთვის“ პოზიცია სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

სამწუხაროა, რომ ხელისუფლება აგრძელებს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის კიდევ უფრო დასუსტების მიზანმიმართულ პროცესს, რაშიც აქტიურად არის ჩართული იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლოში არსებულ გავლენის ჯგუფებთან აფილირებული ცალკეული მოსამართლეები.
ამასთან, ხელისუფლება აგრძელებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების როგორც სულისკვეთების, ისე მისი შინაარსის საპირისპიროდ, რაც შეთანხმების პირდაპირი დარღვევაა.
ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენის პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირებით უნდა დაიწყოს.
ნებისმიერი ცვლილება თუ ინიციატივა, რომელიც არ ემსახურება პირველ რიგში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მანდატის გადახედვას, უფლებამოსილების დეცენტრალიზაციისა და საბჭოში ძალის ალტერნატიული ცენტრის შექმნის მიზანს, კიდევ უფრო გაართულებს სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების აღმოფხვრის პროცესს.
ამის გარეშე, ხელისუფლების მიერ წარმართული მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი (მიუხედავად ცალკეული მოსამართლეობის კანდიდატების პროფესიონალიზმისა), ისევე როგორც პროცედურების დახვეწისკენ მიმართული მოჩვენებითი ცვლილებები იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური გარდაქმნის იმიტაციის მცდელობა და ვერ ისარგებლებს საზოგადოების ნდობით.
აქედან გამომდინარე:
1. მოსამართლეთა დანიშვნის მიმდინარე პროცესი უნდა შეჩერდეს!
2. ჩვენ შევასრულებთ პარლამენტის წევრის მანდატიდან გამომდინარე ფუნქციას – ფიზიკურად დავესწრებით სხდომებს და გამოვიყენებთ ტრიბუნას, რათა კიდევ ერთხელ დავანახოთ საზოგადოებას მიმდინარე პროცესების მანკიერი მხარეები, თუმცა, მხარს არ დავუჭერთ ამგვარი პროცესის საფუძველზე შერჩეულ მოსამართლეთა კანდიდატებს;
3. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, პარლამენტმა უახლოეს მომავალში უნდა აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრი, რასაც, კონსტიტუციის მიხედვით, სჭირდება 90 დეპუტატის ხმა. მმართველი პარტიას, როგორც იცით, ჰყავს მხოლოდ 84 დეპუტატი. შესაბამისად, ხელისუფლება აუცილებლად შეეცდება პოლიტიკურ ჯგუფებთან მოლაპარაკებას და, ხმის მიცემის სანაცვლოდ საბჭოს წევრთა რაღაც რაოდენობას შესთავაზებს.

ჩვენ არ ვივაჭრებთ ხელისუფლებასთან ან ოპოზიციასთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრზე. მხარს დავუჭერთ მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომელთა ნდობასთან დაკავშირებით არ იარსებებს კითხვის ნიშნები. ჩვენ ამ პროცესს განვიხილავთ, როგორც სისტემაში ძალის ალტერნატიული ცენტრის შექმნისკენ და შესაბამისად გავლენის ჯგუფების შესუსტებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს;
4. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას სასამართლოებში კლანური მმართველობის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ვინაიდან სასამართლოში გავლენის ჯგუფების არსებობა უკვე შემდგარი ფაქტია და ამ ფონზე ნებისმიერი ასეთი ინიციატივა არა რეალური საქმის კეთებას, არამედ სასამართლოს რეფორმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ისახავს მიზნად, რაც ჩვენთვის მიუღებელია.
5. გარდა ამისა, კრიტიკულად აუცილებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონცენტრირებული ჭარბი ძალაუფლების ბალანსი. სწორედ ამით უნდა მოხდეს არსებითი გადატეხა მოცემულ ვითარებაში.
ამ მიზნით, პარტია „საქართველოსთვის“ უახლოეს დღეებში დააინიცირებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც მიმართულია პირველ რიგში სასამართლოში „გავლენის ჯგუფების“ აღმოფხვრისკენ. ცვლილებით შეიცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და დაემყარება ე.წ. ორმაგი 2/3-ის პრინციპს. კერძოდ, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იქნება საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ისა და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობა.
შესაბამისად,
პარტია „საქართველოსთვის“ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოგიწოდებთ:
• დაუყოვნებლივ დავიწყოთ მუშაობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაზე, ვინაიდან ეს არის რეალური საქმე, რაც სჭირდება დღეს ამ სისტემის მიმართ ნდობის აღდგენას;
• მხარი არ დავუჭიროთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესს;
• არ დავუშვათ ვაჭრობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის შერჩევაზე;
• ხელისუფლებას არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ ფორმალური პროცედურების დახვეწისკენ მიმართული ცვლილებები კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯად.”
– განაცხადა ბრიფინგზე ანა ბუჩუკრმა

banner
წინა სტატიაშიკონკურენციის ეროვნული სააგენტო 2021 წლის ექვსი თვის საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი- ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი ქვეყანა მეტად თვით უზრუნველყოფილი გახდეს