ბრიუსელში ითქვა, რომ 9 პუნტი შესრულებული არ არის, კობახიძე, მდინარაძე და ძმანი მათნი კი ჯიუტად იმეორებენ, რომ შესრულებულია – ჯაფარიძე

“ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებს ევრორეკომენდაციების შესრულების განზრახვაც კი არ აქვთ. ამას მივყავართ დასკვნამდე, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანაა, ჩაურაზოს ევროპისკენ მიმავალი კარი ჩვენს საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ეს კარი მაინც გაიღება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილებისთანავე, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ რეალური ამოცანაა, რეკომენდაციების შეუსრულებლობით ევროკომისიას საფუძველი მისცეს, რომ საქართველომ წლის ბოლომდე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს.

„ბრიუსელში პირდაპირ ითქვა, რომ 9 პუნქტი შესრულებული არ არის. კობახიძე, მდინარაძე და ძმანი მათნი ჯიუტად იმეორებენ, რომ მათ შესრულებული აქვთ პუნქტები. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ განზრახვაც კი არ აქვთ ამ პუნქტების შესრულების. ამას მივყავართ დასკვნამდე, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანაა, ჩაურაზოს ევროპისკენ მიმავალი კარი ჩვენს საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ეს კარი მაინც გაიღება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილებისთანავე, მაგრამ ფაქტი არის სახეზე, რომ ვინც გასცა რეკომენდაცია, ის თავის დასკვნაში ამბობს, რომ 12-დან 9 რეკომენდაცია არ არის შესრულებული. უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას, რომ „ქართული ოცნება“ არ ასრულებს რეკომენდაციებს შეგნებულად, მიზანმიმართულად და ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ საბოტაჟს ახორციელებს,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

მან ასევე, სანქციებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების შესაბამისად, დასავლელ პარტნიორებში ლეგიტიმური ეჭვია, რომ დიდი საფრთხე არსებობს, საქართველოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავიდან ასარიდებლად იქნეს გამოყენებული.

„თუკი ქვეყანა და „ქართული ოცნება“ არ უერთდება სანქციებს, რჩება დიდი რისკი იმის, რომ ქვეყანა შეიძლება გამოყენებული იქნას სანქციების თავიდან ასარიდებლად. სწორედ ამიტომაა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს მიმართ. ეს არის გამოწვეული „ქართული ოცნების“ სრულიად დესტრუქციული და დამაზიანებელი განცხადებებით. იმეორებენ მუდმივად, რომ ქვეყანა არ უერთდება სანქციებს და ამავდროულად ამბობენ, რომ სანქციებს შედეგები არ მოაქვს. ეს ყველაფერი არის სწორედ იმის საფუძველი, თუ რატომ არის ლეგიტიმური ეჭვი ჩვენს მეგობრებში, დასავლელ პარტნიორებში, რომ არსებობს დიდი საფრთხე, ქვეყანა იქნეს გამოყენებული რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების თავიდან ასარიდებლად,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშირადიკალური ოპოზიციის ამოცანაა, ქვეყანაში „შავი ხვრელები“ ეძებონ და სანქციებისგან თავის არიდება აღმოაჩინონ – მაჭარაშვილი
შემდეგი სტატიაგარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში – კობახიძე