ბრიუსელში ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონში ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი

ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველო არის ჩვენს რეგიონში ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და რომ საქართველომ განახორციელა ძალიან პოზიტიური ნაბიჯები ინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სხდომაზე, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება, განიხილეს სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგები, ასოცირების ხელშეკრულებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმები, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით გადადგმული და განსახორციელებელი ნაბიჯები და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

„ჩვენი მხრიდან, როგორც წესი, დელეგაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან – უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი. შედგა ძალიან ხანგრძლივი, საგნობრივი განხილვა და სამოქმედო გემით დასახული ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური შედეგი. ეს არის ევროკავშირის შეფასება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა მიზანმიმართულად მიჰყვება იმ გეგმას, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოში ჩვენი მოსახლეობისთვის მოიტანს ცხოვრების გაცილებით უფრო მაღალ სტანდარტს, ევროპასთან და დასავლეთთან მეტ ინტეგრაციას და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გაცილებით უფრო მაღალ დონეს. ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველო არის ჩვენს რეგიონში ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და, რომ საქართველომ განახორციელა ძალიან პოზიტიური ნაბიჯები ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ ასევე დავსახეთ სამომავლო გეგმები, რომლებიც მნიშვნელოვნად სცდება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დღის წესრიგს, არის გაცილებით უფრო ამბიციური. ამასაც ევროკავშირი, რა თქმა უნდა, ძალიან დადებითად ხვდება, რომ ჩვენ ვახორციელებთ საკმაოდ ამბიციურ, ძალიან დატვირთულ სამოქმედო გეგმას და ყველა მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. ასევე, ვისაუბრეთ უსაფრთხოების სიტუაციაზე. ევროკავშირი რჩება საქართველოს თანმიმდევრულ და ძლიერ მხარდამჭერად, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დამცველად. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე, ევროკავშირის კიდევ უფრო აქტიურად ჩართულობის კუთხით კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. გვაქვს საკმაოდ საინტერესო გეგმები და ვიმედოვნებთ, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო დგამს აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის, ეკონომიკური აქტივობის გაზრდის კუთხით, გამოიღებს ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს და ევროკავშირის ჩართულობა ჩვენი წინადადებების განხორციელების მიმართულებითაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაპოტენციალი, რომ კასპიის რეგიონის ნავთობი და გაზი საქართველოს გავლით მოხვდეს ევროპაში, კიდევ უფრო მაღალია