პროევროპულ აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს ავრცელებს – ახალგაზრდა, რომელსაც დაპატიმრების დროს გაუპატიურებით და ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ, ყურადღებას მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებზე ამახვილებს და ქართულ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.
“არ შეიძლება, ასე სრული სვლით და დაუფარავად რუსეთისკენ მიაქანებდნენ ქვეყანას და ხალხს ამაზე რეაქცია არ ჰქონდეს… გული იმ უსამართლობაზე, ბოროტების სავანეზე, მტერთან დაახლოებაზე და მოყვარესთან დაშორებაზე მიკვდება, რასაც ეს რუსეთის მონები აკეთებენ” – წერს რეზო კიკნაძე.
ამასთან, სინდისის პატიმარი აღნიშნავს, რომ ყველაზე მთავარი სიმართლის მხარეს ბრძოლაა, რადგან მისივე განმარტებით, “დანარჩენს ისტორია არ დაკარგავს”.
ციხე საშინელებაა, თან როცა გარეთ ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება და შენ ამ დროს ხელ-ფეხშეკრული ხარ, ვერაფრით ეხმარები თანამებრძოლებს, მაგრამ გამორიცხულია მე როდესმე ვაგრძნობინო, თითქოს გამტეხეს ან რამე დამაკლეს დატყვევებით, სახლივით და პატარა რუსთაველივით მოვაწყვეთ აქაურობა.
მირჩევნია მომისაჯონ კიდეც, თუ ეს ხალხში ცოტა ბრაზს მაინც გააჩენს, გამოაფხიზლებს და გარეთ გამოიყვანს. არ შეიძლება ის შერჩეთ, რაც აკეთეს. არ შეიძლება ასე სრული სვლით და დაუფარავად რუსეთისკენ მიაქანებდნენ ქვეყანას და ხალხს ამაზე რეაქცია არ ჰქონდეს. არ არის ბუნებრივი, რაც ხდება. საკუთარი თავი საერთოდ არ მაინტერესებს, სადაა პერსონალური ფიქრების დრო – გული იმ უსამართლობაზე, ბოროტების სავანეზე, მტერთან დაახლოებაზე და მოყვარესთან დაშორებაზე მიკვდება, რასაც ეს რუსეთის მონები აკეთებენ, მთავრობას რომ უწოდებენ თავს. მთავარია, ქვეყანას ეშველოს… გადარჩეს…
ბოროტს რომ კეთილი ძლევს, მე ამის იმედი უკვე დიდი ხანია დავკარგე, ცხოვრება ფილმი არ არის, ჰეფი ენდებით სრულდებოდეს, თუმცა იმედის დაკარგვის მოუხედავად, წინსწრაფვას და შეტევას არასდროს შევწტყვეტ, ვინაიდან ვიცი, რომ ჩემი სული არ გასვრილა და არც გაისვრება. შესაბამისად, არც ვდარდობ შედეგზე, რადგან სიმართლის მხარეს ვიბრძვი. ყველაზე მთავარია, საკუთარ თავთან იყო მართალი, წაგებაც კი ტკბილია ხოლმე თუ შენი ნაბიჯები ჭეშმარიტია, აბა რა აზრი აქვს მოგებას, თუკი არასწორია. ამიტომ მთავარია სიმართლის მხარეს ვიყოთ და დანარჩენს ისტორია არ დაკარგავს, ბოლო ყველას ერთი აქვს, საქმე ისაა, იმ ბოლომდე ვინ რა გზით მივა.
– ბრიუს რატომ ვეცემით?
– რათა წამოდგომა ვისწავლოთ…”. – წერია წერილში.
ცნობისთვის, რეზო კიკნაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2024 წლის 25 ნოემბერს, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნით გამართულ აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.