ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება ქვეყანაში შავი ჭირის გავრცელების რეალურ მასშტაბებს არ ასაჯაროებს. ეპიდემიოლოგ მიხეილ ფავოროვის განცხადებით, ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის გარდაცვლილი 28 წლის თანამშრომელი, დარია შიპილოვა, თავდაპირველად COVID-19-ით დაავადებულად მიიჩნიეს და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. ექსპერტი შიშობს, რომ თუ პაციენტს ფილტვის ჭირი ჰქონდა, ვირუსი შესაძლოა მასთან კონტაქტში მყოფ სხვა პირებზეც გავრცელებულიყო.
ფავოროვი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს ოფიციალურ ვერსიას ლაბორატორიაში სინჯარის გატეხვის შესახებ, რადგან თანამშრომლები სპეციალური დამცავი აღჭურვილობით მუშაობენ.
შექმნილი სიტუაციის გამო ირკუტსკის ოლქში „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი ანა პოპოვა პირადად ჩავიდა, თუმცა ადგილობრივი გუბერნატორი კონკრეტულ დაავადებას კვლავ არ ასახელებს.
შემთხვევა ბურიატეთში მოხდა, სადაც ლაბორატორიის თანამშრომელი 2 ოქტომბრის ღამეს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი რესპუბლიკის ხელმძღვანელმაც დაადასტურა. ამ დროისთვის ეპიდემიოლოგებმა გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი 197 პირი გამოავლინეს, რომელთაგან 189 მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.








