ბრიტანეთში რუსეთის ელჩი ამბობს, რომ ბუჩაში ომის დანაშაულებზე ბრალდებები “ფაბრიკაციაა”

დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩი ამტკიცებს, რომ უკრაინის ქალაქ ბუჩაში ომის დანაშაულების შესახებ ბრალდებები “ფაბრიკაციაა”. ამის შესახებ ანდრეი კელინმა BBC-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრა და უარყო, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბავდნენ.

“ბუჩას მერმა განცხადებაში დაადასტურა, რომ რუსმა სამხედროებმა ქალაქი დატოვეს, ყველაფერი კარგად არის, ქალაქი ნორმალურ მდგომარეობაშია. არაფერი ხდება, ცხედრები ქუჩაში არ არის”, – თქვა კელინმა.

ჟურნალისტმა მას მტკიცებულებების შესახებ ჰკითხა, კელინმა კი ამაზე უპასუხა: “ჩვენი აზრით, ეს ფაბრიკაციაა და მოლაპარაკებების შესაწყვეტად გამოიყენეს”.

კელინი ასევე ამტკიცებდა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში “შეზღუდული ოპერაციაა” და არა ომი. მისივე თქმით, რუსული ჯარები “მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურებს უმიზნებდნენ”, რათა შეემცირებინათ უკრაინის შესაძლებლობები.

“მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი იდეა არ არის მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლა”, – თქვა მან.

ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. მისი თქმით, რუსეთს მის გამოსაყენებლად ძალიან მკაცრი პირობები აქვს და ბირთვული იარაღი “ძირითადად მაშინ გამოიყენება, როცა სახელმწიფოს არსებობა საფრთხის ქვეშაა”.

“მას არაფერი აქვს საერთო [უკრაინაში] მიმდინარე ოპერაციასთან”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – ვულოცავ კიევის დღეს დედაქალაქის მოსახლეობას, რომლის საუკუნოვანი გამძლეობა განაგრძობს იმედის გაღვივებას და სამაგალითოდ რჩება
შემდეგი სტატიარუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს – რუსეთის ელჩი ბრიტანეთში