დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინის ნატოში გაწევრიანების გამარტივებულ პროცედურას.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ჯეიმს კლევერლის თქმით, ნატოში გაწევრიანებისადმი იგივე მიდგომა უნდა იყოს გამოყენებული უკრაინის მიმართ, რაც შვედეთისა და ფინეთის მიმართ.
„უკრაინელ სამხედროებს აქვთ დიდი გამოცდილება ნატოს სტანდარტული აღჭურვილობის და ნატოს ტაქტიკის გამოყენებაში და ამან უნდა შეამციროს ალიანსში შესვლის დრო. ვფიქრობ, რომ გვაქვს ვალდებულება, ვაღიაროთ რამდენად გაუმჯობესდა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები ბოლო 18 თვის განმავლობაში“, – აღნიშნავს ჯეიმს კლევერლი.
მსგავს პოზიციას მხარი დაუჭირა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმაც.
„პოლონეთის პოზიცია აქ ძალიან მკაფიოა. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა რაც შეიძლება ახლოს მივიყვანოთ ალიანსის ინსტიტუციურ განზომილებაში, რომ მოხდეს უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური სტრუქტურების ადაპტირება ალიანსის სტანდარტებთან“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.