ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა საცხობს, რომელმაც უარი განაცხადა გეი-ქორწილისთვის ტორტის გაკეთებაზე

ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ჩრდილოირლანდიური საცხობი Ashers-ის თანამშრომლებს, ქრისტიანული შეხედულებებიდან გამომდინარე, უფლება ჰქონდათ უარი ეთქვათ ისეთი ტორტის დამზადებაზე, რომელზეც გეი-ქორწინების შესახებ იქნებოდა წარწერა. მანამდე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლომ რელიგიური შეხებულებების წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება. მათი გადაწყვეტილებით, ლგბტ აქტივისტისთვის მომსახურებაზე უარის თქმა დისკრიმინაცია იყო.

უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება ხუთივე მოსამართლემ ერთხმად მიიღო.
დავა 2014 წელს დაიწყო, მაშინ ლგბტ აქტივისტ ჰერეტ ლის საცხობმა ტორტზე არ დაუწერა “მხარი დაუჭირეთ გეი-ქორწინებებს”. ეს საქმე ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი იყო. ორივე მხარე დისკრიმინაციისაგან დაცვას ითხოვდა. გაერთიანებული სამეფოს დანარჩენი ნაწილებისგან განსხვავებით, ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთნაირსწესიანთა ქორწილი ლეგალიზებული არ არის. აქტივისტის შეკვეთა საცხობმა მიიღო, მაგრამ მეორე დღეს მას დაურეკეს და უთხრეს, რომ შეკვეთას აუქმებდნენ. საცხობი Ashers-ი ქრისტიანული ოჯახის ბიზნესია. მისმა მფლობელებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ მსგავსი წარწერა მათ რელიგიურ რწმენას ეწინააღმდეგება. მათი მტკიცებით, ისინი წარწერის წინააღმდეგი იყვნენ და არა ტორტის დამზადების. 2015 წლის მარტში ლგბტ აქტივისტმა სასამართლოში თქვა, რომ საცხობის გადაწყვეტილებამ ის შეურაცხყო. “პრობლემა ლოზუნგშია. ზოგიერთებს სურთ მხარი დავუჭიროთ იმას, რასაც არ ვეთანხმებით” – მცხობელმა განაცხადა. “ის წარწერის წინააღმდეგი იყო და არა პიროვნულად ბატონი ლის. შესაბამისად, სასამართლომ დააგინა, რომ აქ სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციის ნიშნები არ არსებობს” – თქვა მოსამართლემ – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაში“განსაკუთრებით საშიშია” – ფლორიდას ქარიშხალი “მაიკლი” უახლოვდება
შემდეგი სტატიაჟენევის დისკუსიების შემდეგ რუსეთმა ოფიციალური კომენტარი გაავრცელა