ივნისის ბოლოდან რუსეთი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს უკრაინაში საბრძოლველად დაქირავების მიზნით რეკლამებით მიმართავს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.
უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთსა და ყაზახეთში გამოჩნდა ონლაინ რეკლამები, რომლებიც სთავაზობდნენ საწყის ეტაპზე 495 000 რუბლის (დაახლოებით 5 100 აშშ დოლარი) გადახდას და ხელფასს 190 000 რუბლიდან (დაახლოებით 2 000 აშშ დოლარი).
„სულ მცირე მაისიდან რუსეთი მიგრანტებს ცენტრალური აზიიდან უკრაინაში ბრძოლას სთავაზობდა და სანაცვლოდ მოქალაქეობის სწრაფად მინიჭებასა და 4 160 აშშ დოლარამდე ხელფასს სთავაზობდა. მარიუპოლში უზბეკ მიგრანტ მშენებლებს ჩამოსვლისთანავე ჩამოართვეს პასპორტები და აიძულეს შეერთებოდნენ რუს სამხედროებს. რუსეთში სულ მცირე ექვსი მილიონი მიგრანტია შუა აზიიდან, რომლებსაც კრემლი, სავარაუდოდ, პოტენციურ ახალწვეულებად განიხილავს”, – აღნიშნულია ანგარიშში.
უწყების შეფასებით, რუსეთს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სავარაუდოდ, სურს თავიდან აიცილოს არაპოპულარული შიდა მობილიზაციის ზომები.
„უცხო ქვეყნის მოქალაქეების ექსპლუატაცია საშუალებას აძლევს კრემლს, მოიპოვოს დამატებითი პერსონალი ომისთვის, მზარდი მსხვერპლის პირობებში”, – აღნიშნულია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში.