ბრიტანული მედია Daily Express წერს, რომ წინა წელს საქართველოში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ ბრიტანეთის მოქალაქეს, 28 წლის დენიელ ტრავისს, საქართველოს დატოვება აუკრძალეს მას შემდეგ, რაც იგი, რეჟიმის სამართალდამცავი ორგანოების მტკიცებით, პარლამენტში “შეჭრისთვის” 12 დღით დააკავეს.
ტრავისმა გაზეთ Daily Express-თან განაცხადა, რომ მორიგი დაპატიმრების შიში აქვს, თუკი იგი სექტემბერში ვიზის მოქმედების ვადის ამოწურვამდე საქართველოს ვერ დატოვებს.
ტრავისი, რომელიც ლივერპულში ბარმენად მუშაობდა და სექტემბერში თბილისში ჩამოსვლამდე ლონდონში 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, ამბობს, რომ დეკემბერში ციხიდან გამოშვების შემდეგ, პროპუტინისტი ხელისუფლების სამართალდამცავები მას კვირების მანძილზე დაჟინებით უთვალთვალებდნენ. მან დაამატა, რომ რეჟიმმა მას ფაქტობრივად ფრენა აუკრძალა, რაც ნიშნავს, რომ მას ქვეყნის დატოვება არ შეუძლია.
“მე ჩემი ჩანთები უსაფრთხოების კონტროლში გავატარე, ყველაფერი დაასკანერეს, ყველაფერი კარგად იყო. საპასპორტო კონტროლისკენ გავემართე, რათა გასამგზავრებლად ბეჭედი ჩაერტყათ და მითხრეს, რომ [ქვეყნის] დატოვება არ შემეძლო. მითხრეს, “საჭიროა, რომ წახვიდე და პრობლემა მოაგვაროო” და რა პრობლემა-მეთქი, და მიპასუხეს, “აქაა ნომერი, ამ ნომერს დაურეკეო”. – განმარტა Daily Express-თან საუბრისას ტრავისმა, თუ როგორ შეუშალეს მას ხელი, თბილისიდან ლუტონის მიმართულებით გაფრენის მცდელობისას.
ტრავისის თქმით, ტელეფონის ნომერი პოლიციელს ეკუთვნოდა, რომელიც მას თბილისში ბინის ყოველ დატოვებაზე პასპორტს სთხოვდა.
“ის ამბობდა, რომ მისთვის 1000 ლარის გადახდა იყო საჭირო. პოლიციის განყოფილებაში წავედი, 1000 ლარი გადავიხადე – ქვითარი არ მომცეს. არ ვიცი, თავისთვის დაიტოვა თუ არა. სრული სისულელეა”. – თქვა მან.
გაზეთის ინფორმაციით, პოლიციელისთვის თანხის გადახდის შემდეგ ტრავისმა იფიქრა, რომ “საქმე დახურული” იყო და კიდევ ერთხელ სცადა საქართველოს დატოვება. ამჯერად თურქეთში გადასვლა სცადა ავტობუსით, თუმცა, მისი თქმით, საზღვრის გადაკვეთის ნებართვა ისევ არ მისცეს.
“იგივე გააკეთეს. ვიღაცას დაურეკეს და მან თქვა “ამ ადამიანს უნდა დაუკავშირდე, პოლიციის განყოფილებაში უნდა მიხვიდე და პრობლემები მოაგვაროო”. – ტრავისის თქმით, ამჯერად მას 3000 ლარის გადახდა მოსთხოვეს, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა.
“მე უბრალოდ უარი ვთქვი, ბათუმში დავბრუნდი და ახლა კონტაქტი აღარ მქონია პოლიციელთან, რადგან არ ვიცი, ჩემ მოტყუებას ცდილობს თუ არა. ბრიტანეთის საელჩოს ველაპარაკები და ახლა ისინიც ცდილობენ, ამის მოგვარებას”. – დაამატა მან.
12 დეკემბერს ბრიტანული გამოცემა The Times წერდა, რომ საქართველოში დაკავებული ბრიტანელი კაცის, დანიელი ტრავისის თქმით, საპროტესტო აქციების დროს დაკავების შემდეგ იგი პოლიციამ სცემა და ციხეში საკვების გარეშე რამდენიმე დღით დატოვა. ამის პარალელურად კი ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ცდილობდნენ, ტრავისი დასავლელ აგენტად გამოეყვანათ, რომელიც თითქოს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას ცდილობდა.
Times-ის ცნობით, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ტრავისი “უცხოელი ინსტრუქტორი” იყო, რომელიც ძალადობის მოწყობას ცდილობდა. კობახიძემ ასევე თქვა, რომ ტრავისი საქართველოს პარლამენტში შეიჭრა.
თუმცა, გამოცემასთან საუბრისას ტრავისმა აღნიშნა, რომ იგი საპროტესტო აქციებს არ ესწრებოდა. მისი თქმით, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ბარიდან სახლში დაბრუნების დროს შენიღბულმა პოლიციამ იგი სცემა და პარლამენტში შეათრია, რათა იგი ბრიტანელ აგენტად გამოეყვანათ.
Times-ის ცნობით, ტრავისს საზოგადოებრივი არეულობის მოწყობის ბრალდებებით 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა სასამართლო დოკუმენტებში “საქართველოს პარლამენტში შეჭრასთან” დაკავშირებით არაფერი იყო ნახსენები.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ბრიტანელ კაცს საქართველოში და კონტაქტი გვაქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან”. – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.