ბრიჯიტ ბრინკი: ამერიკა–საქართველოს სტატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება

ამერიკა–საქართველოს სტატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ბრიჯიტ ბრინკმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობის მხრიდან გამოცხადებული ნდობა საქართველოს ხელისუფლებას დასახული მიზნების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.

„ეს არის მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლების საქმიანობისადმი მაღალი ნდობის გამოხატულება. ეს არის ძალიან დიდი მანდატი და შესაძლებლობები ამ ხელისუფლებისთვის, რათა განახორციელოს ის გეგმები, რაც აქვს დასახული“, – აღნიშნა ბრიჯიტ ბრინკმა შეხვედრაზე.

მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი საკითხები, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონში მასტაბილურებელი ძალის როლს.

მხარეებმა ასევე, ისაუბრეს აშშ-ში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების პროცესზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბაქრაძე დაესწრო.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი : “ქვეყნის დემოკრატიის მომავლის ბედი წყდება უზენაეს სასამართლოში”
შემდეგი სტატია“გირჩი” პარლამენტს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს სთავაზობს