საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ პოლონელ ექიმთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ დეტალურად ისაუბრა.
გაუგებრობა გამოიწვია ერთმა ფაქტმა, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუშები გადაახვია ხელსახოცში და განათავსა წინდაში. იყო ლეგალურად აღებული ნიმუშები, ასევე ცალკე აღებული ნიმუში, რომელიც მან გადაახვია ხელსახოცში, განათავსა წინდაში და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მალულად გატანას. ამ ადამიანს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, სადაც მან დაადასტურა როგორც ნიმუშის აღების, ასევე მისი მალულად გატანის მცდელობის ფაქტი.
ახსნა-განმარტება არავითარ ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება, ამ ადამიანმა ასევე მოყვა მთელი ეს ისტორია. ეს იყო სრულიად გაუგონარი ქმედება და ჩვენ ვერანაირად ვერ მივხვდით, რა მიზანს ემსახურებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პოლონეთის საელჩო იყო ერთ-ერთი რეკომენდატორი ამ ექიმებისა, საგარეო საქმეთა მინისტრს მივმართე თხოვნით, მოესმინა საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით. ორი დღის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა მათი წარმომადგენელი, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და თქვა, რომ არ არის ინფორმირებული ექიმის ამგვარი ქცევის მიზეზების შესახებ. ამ ყველაფერმა კიდევ დამატებით ბუნდოვანება შესძინა ისედაც გაუგებარ და ამოუცნობ ინციდენტს, რადგან ელემენტარულია, როცა გაგაქვს ნიმუში კანონით დადგენილი წესით, სრულიად ლეგალურად, რაში უნდა გჭირდებოდეს, რომ წინდის მეშვეობით ასეთი მალული, ყოვლად მიუღებელი და სამედიცინო ეთიკასთან შეუსაბამო ფორმით დაგჭირდეს დამატებით გატანა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მინისტრის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით მრავალი ვერსია შეიძლება არსებობდეს, თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ, სპეკულაციას არ მისცენ ფართო გასაქანი.
„სწორედ ამიტომ, ველოდებით პოლონური მხარის შესაბამის განმარტებას, როგორც საელჩოს, ასევე ექიმებსაც, რომ იქნებ, მოგვაწოდონ ინფორმაცია, რისთვის სჭირდებოდათ, რადგან თუკი დადგება საკითხი ამ ექიმების კვლავ შეშვებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ მივიღებთ ვერავითარ შემთხვევაში დადებით გადაწყვეტილებას, ვიდრე ელემენტარულად არ გვექნება ინფორმაცია, რა მიზანს ემსახურებოდა სამედიცინო, ეთიკურ და სამართლებრი ნორმებთან სრულიად შეუსაბამო ქმედება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.