ბრალის აღიარება საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ – რას გადაწყვეტს რომეო მიქაუტაძე?!

ემზადება თუ არა რომეო მიქაუტაძე ბრალის აღიარებისთვის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ? – დღეს, დაკავებული ექს მაღალჩინოსნის ადვოკატის კომენტარიდან გაირკვა, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე საპროცესო შეთანხმებაზე ფიქრობს.

“ჩვენ ამას ვიხილავთ” – თქვა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ.

“საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები პირველი სხდომიდან არის ხოლმე შეთავაზება – მოსამართლე ასე იწყებს სხდომას – ხომ არ მიმდინარეობს მხარეებს შორის მოლაპარაკებები საპროცესო შეთანხმების გაფრომებასთან დაკავშირებით.

თუ ჩათვლის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომ მას აქვს სურვილი და მსგავსი ნაბიჯები გადმოდგმული იქნება ბრალდების მხარის მიერ, მასინ გაფორმდება საპროცესო შეთანხმება. (“პირველების” ჟურნალისტი: გამოთქვამს თუ არა მზადყოფნას საპროცესო შეთანხმებაზე რომეო მიქაუტაძე?) ჩვენ ამას ვიხილავთ. დეტალები განხილვა არ მინდა.

რომეო მიქაუტაძის პოზიცია პირველივე დღიდან არის მყარი. ბრალდება და საქმის მასალები ჩვენთვის ცნობილია, შესაბამისად ყველა კითხვას ადეკვატური პასუხი გაეცემა.

რაც შეეხება მოწმეს, მოწმე გახლდათ ექსპერტი, რომელმაც გარკვეული საგნები და ნივთები შეისწავლა და მას შეფასება მისცა. დასკვნა გადმოცემული გვაქვს და ცნობილია რომეო მიქაუტაძისთვის და ამიტომ ჩავთვალეთ ეს მტკიცებულება უდავოდ”,- განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.

საპროცესო შეთანხმების შესახებ დღეს ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს საქმის პროკურორს, ირაკლი მარშანიასაც.

მარშანია ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმების პროცესის დასაწყებად გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს – უნდა აღიაროს დანაშაული მიქაუტაძემ და ზიანი აანაზღაუროს.

მისი ტქმით, ამ ეტაპზე, არცერთი ეს წინაპირობა არ არის.

„ბრალდების მხარე აქტიურად აგრძელებს მტკიცებულებათა წარმოდგენას. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებამ დაასრულა წერილობითი მტკიცებულებათა გამოკვლევა და მშვიდ გარემოში ჩაიარა პროცესმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სრულყოფილად ჩაატარეს მოცემულ საქმეზე გამოძიება. შემდეგ პროცესზე, ბრალდების მხარე სხვა მოწმეებს წარადგენს. დღეის მდგომარეობით, დაკითხულია 72 და დარჩენილია 42 მოწმე.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, ეს პროცესი რომ დაიწყოს, ამის წინაპირობა უნდა არსებობდეს, კერძოდ: ბრალდებულმა უნდა აღიაროს დანაშაული, ზიანი აანაზღაუროს და შესაბამისი განცხადებით მოგვმართოს. ამ ეტაპზე, არცერთი ეს წინაპირობა არ არის”,- განაცხადა ირაკლი მარშანიამ.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.

banner
წინა სტატიაშისაყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებაზე, უწყება განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაირანის უზენაესი ლიდერი: “ისლამური რესპუბლიკა დივერსანტების წინაშე უკან არ დაიხევს”