„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გავრცელებული მორიგი წერილი შეაფასა. მაჭავარიანის თქმით, ექსპრემიერის მოქმედებები „გუნდთან ძალიან ცუდი მეთოდებით ბრძოლაა“.
უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა ღარიბაშვილის ბრალდებებს პოლიტიკურ დევნასა და აგენტობის დაბრალებაზე და აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერი საკუთარი დანაშაულის გადაფარვას ცდილობს.
„ზოგადად, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი ასეთი მეთოდებით ებრძვის ჩვენს გუნდს — ჭორაობაზე დაფუძნებული რაღაცა წერილების გავრცელება, შემდეგ სპეკულაციები ადამიანის სუიციდით და ა.შ.
აგენტობასთან დაკავშირებით ჩვენი გუნდიდან არავის ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ ისაა, რომ ძალიან ცუდად ემთხვევა ის, რომ ბატონი ღარიბაშვილის გავრცელებული ნარატივი წამებში აიტაცა აგენტურულმა ოპოზიციამ და ზუსტად ერთი და იგივე „მესიჯბოქსით“ საუბრობენ“, — განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ღარიბაშვილმა გამოძიებასთან თავდაპირველად ითანამშრომლა, ახლა კი პოზიციას იცვლის.
„ძალიან უცნაურია, როდესაც ღარიბაშვილი მას შემდეგ, რაც ჩხრეკა ჩატარდა მის ბინაში, აღიარა ეს ბრალი, ითანამშრომლა, ჩაჯდა ციხეში, იგი ამბობს, რომ თურმე უდანაშაულო ყოფილა — ამას, რა თქმა უნდა, არავინ არ დაიჯერებს.
ესეც არის იმ წერილების ნარატივის გაგრძელება. მას სურს ამით იმ დანაშაულის გადაფარვა, რაზეც მას ბრალი წარედგინა. ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ეს ნამდვილად არ ეკადრება“, — აღნიშნა დეპუტატმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რუსთავის ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება „ამაზრზენ და ტრაგიკულ მასკარადში“ დაადანაშაულა. ღარიბაშვილმა უარყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან უცხოურ ძალებთან („დიფ-სტეიტი“, საფრანგეთი) კავშირი, პროცესს „დაუნდობელი პოლიტიკური დევნა“ უწოდა და ყოფილ თანაგუნდელებს შეახსენა: „მე არავის ვებრძვი — ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით“.















