“ბრალდებულმა დაადასტურა აღნიშნული ნივთების შენახვა და ტარება, თუმცა მიუთითა რომ ისინი მემკვიდრეობით მიიღო მამისგან”

თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ მგალობლიშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს:

“თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარებისათვის ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 11 იანვარს, მიხეილ მ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ბრაუნინგის კონსტრუქციის 1922 წლის მოდელის 7.65 მმ-იანი კალიბრის პისტოლეტი ერთი მჭიდით, მასში მოთავსებული 1900 წლის ნიმუშის 7.65მმ კალიბრის ერთი ცალი ვაზნით. ასევე, მიხეილ მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ამოიღეს ქარხნული წესით წარმოებული, 1934 წლის 7.65 მმ ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გადაკეთებულია 1951 წლის ნიმუშის 9მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად. აღნიშნული ნივთები, შესაბამისად, მიეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის კატეგორიას.

ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა დაადასტურა აღნიშნული ნივთების შენახვა და ტარება, თუმცა მიუთითა რომ ისინი მემკვიდრეობით მიიღო მამისგან.

მიუხედავად ნივთის შეძენის ფორმისა, სასამართლომ მიხეილ მ. დამნაშავედ ცნო, რადგან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, როგორც სამოქალაქო, თავისუფალი ბრუნვიდან ამოღებული ნივთები, ექვემდებარება სპეციალურ აღრიცხვას და შესაბამისი უფლების რეგისტრაციას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.” ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის მეთაური ტრამპს ფხენიანთან დაკავშირებით თავშეკავებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიამაკა ჩიჩუა : “იარაღი ჩემი ძმის გარდაცვლილ მამას ეკუთვნოდა, ის ფაქტობრივად სამუზეუმო ექსპონატია”