ბრალდებული – მისახმარებლად მივედი, ამ დროს ბატონი სანაია მეკითხება, ჩემ ცოლს რას ელაპარაკებიდიო, ეს შეურაცხყოფად აღვიქვი

დავინახე, რომ სანაია მარტო აწვებოდა მანქანას, ავედი რომ მივხმარებოდი, ამ დროს ბატონი სანაია მეკითხება, ჩემ ცოლს რას ელაპარაკებიდიო, ეს შეურაცხყოფად აღვიქვი, – ამის შესახებ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულმა ვაჟა გიგაურმა სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას განაცხადა.

როგორც გიგაურმა განმარტა, ის მეგობრებთან ერთად ვახო სანაიას ავტომანქანის გადაადგილებაში ეხმარებოდა, რა დროსაც სანაიას მიერ დასმულმა კითხვამ ის გააღიზიანა.

“გადავწყვიტეთ, ჩავსულიყავით, მივხმარებოდით. ბატონი ვახოც იქ იდგა, თავიდან ვერ ვიცანი, დახმარება შესთავაზა სულიკომ, ზემოთ ავედით რომ გზა შეგვემოწმებინა, ამ დროს სამაშველო სამსახური მოვიდა, ბატონ ვახო სანაიას მიმართ აგრესია არ მქონია, არც ახლა არ მაქვს. დავინახე, რომ სანაია მარტო აწვებოდა მანქანას, ავედი რომ მივხმარებოდი, ამ დროს ბატონი სანაია მეკითხება, ჩემ ცოლს რას ელაპარაკებიდითო. შეურაცხყოფად აღვიქვი, საერთოდ არ ვიცოდი, მისი ცოლი რომ იყო, იზოლატორში გავიგე, რომ ქალბატონი თამუნა იყო ბატონი ვახოს მეუღელე, ვერ მივხვდი მისი ცოლი საიდან იყო…

ვუთხარი, არასწორი ხარ, არასწორ კითხვებს მისვამ-მეთქი, გვერდი ავარიდე, პროვოკაციულ შეკითხვებს მისვამ-მეთქი, ვუთხარი. ხელი მოვუქნიე და ძირს დავეცი, ვახო სანაიაც დაეცა ძირს, ფეხებით ვურტყამდი, თვითონაც ანალოგიურად, ამ დროს, მაშველები მოვიდნენ, აურზაური შეიქმნა, ქალები ყვიროდნენ, გაღიზიანებული ვიყავი, რომ შეურაცხყოფა მომაყენეს, მიხმარების მიზნით მივედი და სულ სხვა სიტუაცია შეიქმნა. შეიძლება მეტად უნდა მომეთოკა თავი, მაგრამ ვერ მოვითმინე, მანქანაში იჯდა სანაია, მივედი, მაგინებდა, ვაგინებდი, ტელეფონი ეჭირა და მიღებდა, გადაიღე-მეთქი, ვუთხარი”,- განაცხადა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშიჰარცელი – ჩვენ მოვუწოდეთ პარლამენტს, რომ შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი
შემდეგი სტატიაესეების კონკურსის „ჩემი აფხაზეთი“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა