ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად გამოძალვისთვის ბრალდებულ ოთხ პირს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გამოძალვისთვის ბრალდებულები დ.ჯ., ბ.ს., დ.კ. და მ.ე. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 10 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, დ.ჯ.-მ, ბ.ს.-მ და დ.კ.-მ, მ.ე.-ს დახმარებით, სატელეფონო კომუნიკაციებისა და პირადად შეხვედრების დროს, ფიზიკური ანგარიშსწორების, ოჯახის წევრების მიმართ ძალადობისა და ქონების განადგურების მუქარით ს.ტ.-სგან მოითხოვეს, მის მიერ ონლაინტოტალიზატორ „კრისტალ ბეთის“ გათამაშებაში მოგებული „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოს“ მოდელის ავტომობილის ღირებულების წილი.

სამართალდამცველებმა დ.ჯ., ბ.ს., დ.კ. და მ.ე. 2019 წლის 28 ივლისს დააკავეს. დ.ჯ.-ს, ბ.ს.-ს და დ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად გამოძალვა), ხოლო მ.ე.-ს 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად გამოძალვაში დახმარება) წარედგინათ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაში5841 ახალი შემთხვევა და ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 105 ადამიანი – COVID-19 რუსეთში
შემდეგი სტატიამსოფლიო ბანკი საქართველოს 80 მილიონ დოლარს გამოუყოფს