ბრაკონიერობაში მხილებულმა პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა თანამდებობა დატოვა

ბრაკონიერობაში მხილებულმა პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა თანამდებობა დატოვა

nadirobaგურჯაანის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონულმა პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ბრაკონიერობაში ამხილა, თანამდებობა დატოვა. ღვედაშვილის განცხადებით, მას დათვზე უკანონო ნადირობაში არასდროს მიუღია მონაწილეობა და არც მედიით გავრცელებულ ფოტოსურათებზე ასახული ცხოველების მოკვლასთან კავშირს ადასტურებს, მაგრამ პროკურატურის იმიჯზე ზრუნავს და ამიტომაც მიმართა მთავარ პროკურორს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე, გამეკეთებინა განცხადება ბოლო პერიოდში მასმედიით გავრცელებულ ფოტოსურათებთან დაკავშირებით, რომლებზეც დაფიქსირებული ვართ მე და ჩემი მეგობრები მოკლულ დათვთან. მინდა, აღვნიშნო, რომ თითქმის ოცი წელია, ვმუშაობ პროკურატურის სისტემაში და ჩემი მუშაობის, ისევე, როგორც ჩემი ცხოვრების ძირითადი პრინციპი იყო კეთილსინდისიერება და მაღალი პასუხისმგებლობა. არასოდეს გადამიხვევია კანონის მოთხოვნებიდან.

მიუხედავად იმისა, რომ დათვზე უკანონო ნადირობაში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა და არც მასმედიით გავრცელებულ ფოტოსურათებზე ასახული ცხოველის მოკვლასთან კავშირს ვადასტურებ, სწორედ ჩემი პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არ გაჩნდეს კიდევ დამატებითი კითხვები, რამაც შეიძლება, იმოქმედოს პროკურატურის იმიჯზე, იმ უწყებაზე, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მე მივიღე გადაწყვეტილება და საქართველოს მთავარ პროკურორს მივმართე განცხადებით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“, – აღნიშნულია ლევან ღვედაშვილის განცხადებაში, რომელიც სხვადასხვა სააგენტოებმა გაავრცელეს.

2015 წლის 30 ნოემბერს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ფოტოები, საიდანაც ჩანს, რომ პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა, პროკურატურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, „წითელ ნუსხაში“ შეტანილ დათვზე ინადირა. პირი, რომელმაც ფოტომასალა მოგვაწოდა, ირწმუნება, რომ პროკურორებმა სხვადასხვა დროს, რამდენიმე დათვი, ახმეტის რაიონში, ბაწარა – ბაბანეურის ნაკრძალში მოკლეს. დათვზე ნადირობის ამსახველი ფოტოები იმ პერიოდშია გადაღებული, როცა ლევან ღვედაშვილი თელავის პროკურატურის პროკურორი იყო. 2012 წლის 29 ნოემბერს ის დააწინაურეს და გურჯაანის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონულ პროკურორად დანიშნეს.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ საქმის შესწავლა დაიწყო, მოწმის სახით დაიკითხა სტატიის ავტორიც, შემოწმების შედეგად დადასტურდა გამოქვეყნებული ფოტოების ავთენტურობაც, თუმცა ლევან ღვედაშვილი ორი თვის განმავლობაში აგრძელებდა მუშაობას რაიონული პროკურორის თანამდებობაზე. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ღვედაშვილი პროკურატურის გენერალური ინსპექციის ახლდდანიშნული უფროსის ბაკურ აბულაძის მეგობარია.

იიიიი

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მთავარ პროკურატურაში გაარკვია, პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსთან მეგობრობის გამო, ღვედაშვილი თანამდებობიდან დანაშაულის ჩადენის გამო კი არ გაათავისუფლეს, არამედ პირადი განცხადება დააწერინეს, რომ მომავალში სხვა თანამდებობაზე მუშაობის დაწყებისას პრობლემა არ შეექმნას და დათვების მოკვლის გამო კანონით გათვალისწინებული ჯარიმის, 100 ათასი ლარის გახახდისგანაც გათავისუფლდეს.

როგორც ცნობილია, მურა დათვი საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. გარდა იმისა, რომ დათვის უკანონოდ მოპოვება სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის თანახმად, ერთი დათვის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა 50 000 ლარს შეადგენს.

იურისტების განმარტებით, შესაძლოა, ლევან ღვედაშვილი და მასთან ერთად ფოტოზე ასახული პირები გათავისუფლებულიყვნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, რადგან დანაშაული 2007 და 2009 წლებშია ჩადენილი და მას შემდეგ 6 წელია გასული, მაგრამ ჩადენილი დანაშაულის გამო თანამდებობიდან გათავისუფლება და ჯარიმის სახით 100 ათასი ლარის გადახდა (ორი დათვის მოკვლის გამო ) ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევდათ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა არაერთი მცდელობის მიუხედავად მთავარი პროკურატურისგან ვერ მოიპოვა ოფიციალური ინფორმაცია, რა ეტაპზეა გამოძიება. პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი ორი დღეა გვპირდება, რომ გაარკვევს და გვიპასუხებს, მაგრამ უშედეგოდ. ამის გამო, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მთავარ პროკურატურას წერილობით მიმართა და ინფორმაცია მოითხოვა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ასევე ითხოვს ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტროდან, დაიწყეს თუ არა პროცედურები სამოქალაქო წესით მოითხოვონ ბრაკონიერობაში მხილებული პროკურორისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

banner
წინა სტატიაში“არასრულწლოვანი ბავშვისთვის პასპორტის აღების შემთხვევაში სავალდებულო იქნება ორივე მშობლის თანხმობა”
შემდეგი სტატიაწყალტუბოს სანატორიუმში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება