ბრაიან უიტმორი: ძველი ცივი ომის ხაზი გერმანიის შუაში გადიოდა, ხომ? სად გაივლის ახლა ის? უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე თუ საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე? თუ, ღმერთმა დაგვიფაროს და უკრაინის დასავლეთ საზღვარზე? ან საქართველოს სამხრეთ საზღვარზე? ეს ახლა, ამ წუთს წყდება უკრაინაში მიმდინარე ომში

“ქართულ ოცნებას“ სურს დააბნიოს ხალხი იმის თაობაზე, თუ რა არის რეალური არჩევანი, რადგან თუკი არჩევანი ასე იქნება წარმოდგენილი, ქართველთა უდიდესი უმრავლესობა, ჩემი აზრით, ევროპას აირჩევდა. ამაში ეჭვი არ მეპარება,-აცხადებს „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი და ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი ბრაიან უიტმორი.

მე ხშირად ჩავდიოდი საქართველოში, მიმუშავია ქართველებთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში, მაქვს წარმოდგენა იმაზე, როგორ ფიქრობენ ისინი საკუთარ მომავალზე და ვფიქრობ, ამ არჩევანს გააკეთებდნენ. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ ცდილობს დააბნიოს ხალხი. რაც არ უნდა იყოს მათი განზრახვა, ისინი მართლაც რუსეთზე დებენ ფსონს, ვერ წავიკითხავ მათ აზრებს, ძნელია ჩემთვის პასუხის გაცემა, მაგრამ მათი ქცევა ნამდვილად მიუთითებს იმაზე, რომ საქმე ასეა.

ეს ისტორიის ძალიან მნიშვნელობანი მომენტია. ჩვენ მივემართებით მკაფიოდ ახალი ცივი ომის მსგავსი გეოპოლიტიკური კონფლიქტისკენ და ახლა, ამ მომენტში, ჩვენ ვწყვეტთ სად იქნება ხაზები გავლებული ამ ახალ ცივ ომში. ძველი ცივი ომის ხაზი გერმანიის შუაში გადიოდა, ხომ? სად გაივლის ახლა ის? უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე თუ საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე? თუ, ღმერთმა დაგვიფაროს და უკრაინის დასავლეთ საზღვარზე? ან საქართველოს სამხრეთ საზღვარზე? ეს ახლა, ამ წუთს წყდება უკრაინაში მიმდინარე ომში, მაგრამ ასევე იმ პოლიტიკურ ბრძოლებშიც, რომლებიც ახლა საქართველოში მიმდინარეობს, მოლდოვაში მიმდინარეობს. ბევრია დამოკიდებული ამ მომენტზე.

ბევრი კუთხით, ახლანდელი ვითარება ძალიან ჰგავს 1922 წლის მოვლენებს, როცა საბჭოთა კავშირი იქმნებოდა და მოვლენები შეიძლებოდა სხვადასხვაგვარად განვითარებულიყო, მაგრამ მაშინ საქართველოსთვის კარგად არ წარიმართა. არც უკრაინისთვის.

ჩვენ მოგვეცა შანსი ისტორია სწორ გზაზე დავაბრუნოთ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის, რომ იყვნენ თავიანთ ნამდვილ სახლში, ევროპაში. მაგრამ, „ქართული ოცნება“ ამ შედეგზე ფსონს არ დებს და ჩემი აზრით, ეს ძალიან საშიში და შემაწუხებელია,-აცხადებს „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი და ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი ბრაიან უიტმორი.

ესაა ნარატივის შეცვლა და ყალბი არჩევანის შექმნა ამ არჩევნებში. რა იყო უკრაინელებისთვის სხვა არჩევანი? მათ ომი არ აურჩევიათ, ომი რუსეთმა აირჩია და უკრაინამ აირჩია თავი დაეცვა ამ ომში, რომელიც მას არ გამოუწვევია. ომის მიზეზი რუსეთია. ასე რომ, რა ალტერნატივა ჰქონდა უკრაინას, რა უნდა გაეკეთებინა? კაპიტულაცია გამოეცხადებინა რუსეთთან? ამას სთავაზობს საქართველოს „ქართული ოცნება“, რომ ქვეყანამ კაპიტულაცია გამოაცხადოს რუსეთთან? მათი აზრით, საქართველოსთვის უკეთესი გზა ეს არის?

ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ ძალიან სახიფათო ნიადაგზე მოძრაობს, რადგან როგორც ჩანს, რაზეც ისინი მიუთითებენ, ისაა, რომ საქართველო უბრალოდ უნდა დანებდეს, უარი თქვას თავის სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე, რუსეთის სასარგებლოდ. ეს გზა უკვე გავლილი გვაქვს, არა? ქართველები ცხოვრობდნენ ასე, 1922-იდან, 1991 წლამდე. ესაა, რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს?

საქართველო ამ არჩევნებზე ნამდვილად არჩევანის წინაშეა და ეს არჩევანი არაა „ომისა“ და „მშვიდობის პარტიას“ შორის, როგორც ამას „ქართული ოცნება“ წარმოაჩენს. ესაა არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის. ეს ძალიან, ძალიან, ძალიან მარტივი არჩევანია. სურთ ქართველებს გააგრძელონ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში და ევროპაში ინტეგრაციის პროცესი? ეს სურთ მათ თუ რუსეთი სურთ? ესაა არჩევანი და ახლა „ქართული ოცნება“ ძალიან მზაკვრულად მანიპულირებს ამ არჩევანის რაობით.

აქ მხოლოდ ორი არჩევანია, რაც ქართველებმა შეიძლება გააკეთონ – რუსეთი თუ ევროპა? ძალიან მარტივი. ჩვენ ალბათ ყველას გვესმის, რას ნიშნავს ეს. ქართველებმა იციან, რას ნიშნავს რუსეთის მმართველობის ქვეშ ცხოვრება. 1922 წლიდან 1991 წლამდე, მათ ეს გამოსცადეს. ვფიქრობ, ქართველებს ევროკავშირის ნაწილად ცხოვრება სურთ, სურთ კანონის უზენაესობით, ფუნდამენტური უფლებების დაცვით ცხოვრება, ყველაფერ იმით, რასაც ევროკავშირის წევრობა უზრუნველყოფს.

ესაა არჩევანი და ვფიქრობ “ქართული ოცნება“ ცდილობს ამომრჩეველი დააბნიოს. წინასაარჩევნოდ მოსახლეობა არ უნდა დაიბნეს და მედიამაც უნდა უზრუნველყოს ის, რომ ის არ დაიბნევა და დაინახავს რა რეალური არჩევანი დგას მათ წინაშე.-აცხადებს „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი და ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი ბრაიან უიტმორი.

 

 

banner
წინა სტატიაშიბრაიან უიტმორი: ივანიშვილი ეხმარება რუსეთის ძალისხმევას, გადაწეროს ისტორია
შემდეგი სტატიაპატრიკ რაიდერი: ამერიკულმა დაზვერვამ ხელი შეუწყო ისრაელის ინფორმირებას ჰამასის ლიდერების ადგილმდებარეობის შესახებ