„ბოტანიკურ ბაღში ვინმემ კაფეები და რესტორნები რომ გახსნას, ჩათვალეთ, ის აღარ იარსებებს“

“საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძის განცხადებით, ბოტანიკურ ბაღში კაპიტალური მშენებლობა და გასართობი ღონისძიებების მოწყობა დაუშვებელია.

როგორც ჩხობაძემ „პირველ პრესკლუბში“ აღნიშნა, თუ თბილისის ბოტანიკურ ბაღში კაფეები და რესტორნები გაიხსნება, მაშინ ბოტანიკური ბაღი აღარ იარსებებს.

„თბილისის ბოტანიკურ ბაღს 300 წლიანი ისტორია აქვს, ეს არის უნიკალური სამეცნიერო დაწესებულემა, მასში უნიკალური კოლექციებია შენახული. ბევრი ქალაქი იამაყებდა ასეთი ბოტანიკური ბაღით. მე არ ვიცი საკადრო პოლიტიკა რა და როგორ ხდება, მაგრამ ერთი რამ ვიცი, შიგნით რამე გასართობი ღონისძიებების მოწყობა, როგორც ნებისმიერ სამეცნიერო დაწესებულებაში, არ შეიძლება. იქ რომ ვინმემ კაფეები და რესტორნები გახსნას, ჩათვალეთ, რომ ბოტანიკური ბაღი აღარ იარსებებს. უცხოეთში, ბოტანიკურ ბაღებში საჭმლის შეტანაც კი აკრძალულია“, – განაცხადა ჩხობაძემ.

მისივე განმარტებით, “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები“ და სხვა ორგანიზაციები იბრძოლებენ თბილისის ბოტანიკური ბაღის გადასარჩენად.

„ჩვენ ვფიქრობთ რომ არამარტო ჩვენი ორგანიზაცია, არამედ ბევრი ორგანიზაცია გაერთიანდება, რათა თბილისის უნიკალური ისტორია გადავარჩინოთ, რასაც თბილისის ბოტანიკური ბაღი ჰქვია“, – აღნიშნა ჩხობაძემ „პირველ პრესკლუბში“.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისთვის კოლხეთის ეროვნულ პარკში ფოტო-ტური მოეწყობა
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთს ეწვია