ბორჯომის საკრებულოს თანამშრომელმა თავმჯდომარის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელმა ნონა ლურსმანაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. მისი თქმით, ასაჩივრებს საკრებულოს თავმჯდომარის მიცემულ გაფრთხილებას, რომელიც მაშინ დაუწერეს, როცა სამუშაო ადგილზე დროებით, საპირფარეშოში გასვლის გამო არ იმყოფებოდა.

ამასთან, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები ნონა ლურსამანაშვილი და ნატა კოპაძე საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეს, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, აპარატის რამდენიმე წევრზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ზაზა ჩაჩანიძე ცდილობს, რომ თანამშრომლებმა განთავისუფლების შესახებ განცხადება იძულებით დაწერონ. ​

პირველ არხთან საუბრისას ნონა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ ზაზა ჩაჩანიძის მიერ თვითმმართველობის არჩევნებში „პატრიატთა ალიანსიდან“ კენჭისყრისას რამდენიმე თანამშრომელმა მას მხარდაჭერა არ გამოუცხადა და ეს ფაქტიც ამას უკავშირდება.

ნონა ლურსმანაშვილი, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოში ქალთა ოთახის კოორდინატორი იყო, აცხადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ მას სამუშაო ოთახი დაცვის თანხლებით დაატოვებინა და საშვთა ბიუროში გადაიყვანა. მისივე თქმით, ჩაჩანიძე თანამშრომლებს ერთმანეთთან კომუნიკაციას უკრძალავს და მათ პერსონალური კომპიუტერები ჩამოართვა. ნონა ლურსმანაშვილი საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას აპირებს.

„ეს ხდება მარტო იმ თანამშრომლებზე, ვინც არ იყო მისი მომხრე და მისით აღფრთოვანებული. ეს არის პირდაპირი ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით. რადგანაც პირდაპირ ბრძანებას ვერ დაწერს და ვერ გაგვათავისუფლებს, ამიტომ იძულებულს გვხდის და ასეთ პირობებში გვამყოფებს“, – განაცხადა ნონა ლურსმანაშილმა.

ნატა კოპაძეც პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე საუბრობს. მისი თქმით, გამოცდილებისა და სტაჟის მიუხედავად, თავმჯდომარემ ყველაზე დაბალი რანგი, მეოთხე კატეგორია მიანიჭა.

„ვინც მისი პარტიული მხარდამჭერი იყო, ჩასვეს მაღალ რანგში. ჩვენ, ვინც არ იზიარებდა მის პოლიტიკურ შეხედულებებს გაგვამწესა ბოლო რანგში. მე შეთავსებული მქონდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები, ვმართავდი საკრებულოს მინიციპალიტეტის გვერდს, რომელიც თავად შევქმენი, თუმცა რაც თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა და ოპოზიცია მოვიდა საკრებულოში უმრავლესობით, აღარავინ მეძახის საკრებულოს სხდომებზე, არ მაქვს არანაირი ფუნქცია“, – განაცხადა ნატა კოპაძემ.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე აპარატის თანამშრომლების მიმართ ცუდ დამოკიდებულებასა და პოლიტიკური ნიშნით დისკრედიტაციას უარყოფს. ის ამბობს, რომ დაუმსახურებლად გაფრთხილება თანამშრომლისთვის არ დაუწერია. რაც შეეხება თანამშრომლების უფუნქციოდ დატოვებას, ჩაჩანიძე აცხადებს, რომ თუკი ვინმეს სამუშაო არ აქვს და ხელფასები ტყუილად გაიცემა, ის საკითხს გადახედავს და რესტრუქტურიზაციას გამოაცხადებს.

„ალბათ საკრებულოს თავმჯდომარე თვითონ გადაწყვეტს, ვინ რა პოზიციაზე უნდა იყოს და სად. აქაც ჩანს მათი ურჩობა და დამოკიდებულება თავისი საქმისადმი. საკრებულო ჯერ სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, რადგან არ არის კოორდინაცია მერიასთან. არ არის პრობლემა, გადავხედავთ, თუ ამდენი ადამიანი უფუნქციოდ არიან და ტყუილად გავცემთ ხელფასებს, მოვიფიქრებთ და შეიძლება, რესტრუქტურიზაცია დავიწყოთ“, – განაცხადა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძემ.

გაბათილდება, თუ არა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დაწერილი გაფრთხილება, ჯერჯერობით უცნობია, რადგან სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართლოში ამ დრომდე არ ჩანიშნულა.

ბორჯომის საკრებულო საქართველოს მასშტაბით ერთადერთია, სადაც მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” უმრავლესობა არ ჰყავს. ბორჯომის საკრებულოს 28 დეპუტატიდან, 13 “ქართულ ოცნებას”, 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს. 20 ნოემბერს, საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომში, ცხრა საათის განმავლობაში, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საბოლოოდ, „ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ამის შემდეგ კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარედ “პატრიოტთა ალიანსის წევრი” ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს. “ქართული ოცნება” ოპოზიციის მიერ დაკომპლექტებულ საკრებულოს არალეგიტიმურად მიიჩნევს და პარტიის წარმომადგენლები ამ დრომდე სხდომებს არ ესწრებიან.

www.1tv.ge

banner
წინა სტატიაშიკონსტიტუციაში ცვლილებების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენცია იზრდება
შემდეგი სტატია,,გილოცავთ ქართველი სპორტსმენის კიდევ ერთ ისტორიულ წარმატებას”