ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უწყვეტი მუშაობის შედეგად ლიკვიდირებულია. ადგილზე მონიტორინგის მიზნით მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

სოფელ ქვაბისხევში ხანძარი გავრცელებული იყო შერეული ტყის ქვედა საფარზე და ნაწილობრივ ხეებზე. რთული რელიეფის გამო, კერებთან ვერ ხერხდებოდა სპეციალური ტექნიკის მიყვანა და მეხანძრე-მაშველებს ცეცხლის ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით ქრობა უწევდათ.

სიტუაციის შეფასების შემდეგ, გადაწყდა ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა. ვერტმფრენმა დღის განმავლობაში ხანძრის კერებზე წყლის 18 დასხმა განახორციელა და ქრობის სამუშაოები მნიშვნელოვნად დააჩქარა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო ცოცხალი ძალა 50-მდე მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, პროცესში მონაწილეობას იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ერთ-ერთი ევროპელი დამკვირვებლის შეფასებაა, სააკაშვილის დროს საქართველოში დამკვიდრებულია ლენინიზმიო, ეს იყო გზა ავტორიტარიზმისა და დიქტატურისკენ
შემდეგი სტატია2 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ცესკომ და შსს-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს