ბორჯომის ხეობაში ნახანძრალ ტერიტორიაზე კომისიამ საველე გასვლა განახორციელა.

ბორჯომის ხეობაში აგვისტოს თვეში ნახანძრალ ტერიტორიაზე კომისიამ საველე გასვლა განახორციელა.
კომისიამ ხანძრით დაზიანებული ტერიტორიები დეტალურად შეისწავლა და დაადგინა 2017 წლის 20 აგვისტოს ხანძრით მოცული ტერიტორიის ზუსტი ფართობი დაზიანების კატეგორიების მიხედვით, არსებული ნიადაგური და გეოლოგიური მდგომარეობა ნაკვეთების მიხედვით, ტერიტორიაზე არსებული განადგურებული ფლორა/ფაუნა და მიყენებული ზიანი.

შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება დასკვნები და რეკომენდაციები ნახანძრალ ტერიტორიაზე ტყის აღდგენის დაწყების პროცესებზე, განსახორციელებელი ღონისძიებების ვადებსა და პერიოდზე.

ეროვნული სატყეო სააგენტოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით სექტემბერ-ოქტომბერში ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე წინასწარი შეფასებებიც განხორციელდა.

კომისია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა და მის შემადგენლობაში ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი პროფილის სპეციალისტებთან ერთად, არასამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლებიც შედიან.

ბორჯომის ხეობაში ხანძარი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს გაჩნდა, ხანძრის ქრობის პროცესი 6 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. წინასწარი მონაცემებით, ნახანძრალი ფართობი 752 ჰა-ს შეადგენს, საიდანაც 525 ჰა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ხანძრით განადგურებული ტყის ტერიტორიაა.

banner
წინა სტატიაში“როდესაც არჩევნები დასრულებულად გამოცხადდება, მე წარმოვადგენ ჩემს გუნდს”- კალაძე
შემდეგი სტატიაგაათავისუფლებენ თუ არა თბილისის 67-ე სკოლის დირექტორს – განათლების სამინისტრო დასკვნას დღეს გაასაჯაროებს