ბორჯომის ხეობაში მომუშავე არც ერთი ქართული ვერტმფრენი გაუმართავი არ ყოფილა

მდინარე გუჯარულაში ჩავარდნილ ვერტმფრენს რამდენიმე საათში თბილისში გადაიტანენ და დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები, – ამის შესახებ სტიქიის ზონაში მყოფმა შს მინისტრმა განაცხადა.

გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ვერანაირ წინასწარ ვერსიაზე ვერ ისაუბრებს, რამ გამოიწვია მომხდარი. ასევე, უცნობია, შეძლებენ თუ არა ვერტმფრენის აღდგენას.

„ამ დარგის სპეციალისტი არ ვარ, ვერ გეტყვით ამ ვერტმფრენის აღდგენა მოხდება თუ არა, ამას ექსპერტიზა დაადგენს და შემდეგ უკვე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

„პირველი არხი“ დაინტერესდა, რომელ ვერტმფრენს შეექმნა ტექნიკური პრობლემა, პირველს, რომელიც სტიქიის ზონაში პირველივე დღიდან მუშაობდა, თუ მეორეს, რომელიც ბორჯომის ხეობაში მოგვიანებით ჩამოფრინდა. გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ვერტმფრენი ოპერაციაში თავიდანვე იმის გამო ვერ ჩაერთო, რომ მას თბილისში რეგლამენტი უტარდებოდა.

„გაუმართავი არც ერთი ვერტმფრენი არ ყოფილა, ყველა ვერტმფრენი იყო გამართული. ერთ ვერტმფრენს უტარდებოდა რელგამენტი, როდესაც ჩაუტარდა რეგლამენტი ისიც შემოუერთდა მეორეს, მაგრამ ეს ის ვერტმფრენი არ არის, რომელზეც თქვენ მეკითხებით. ეს ვერტმფრენი პირველივე დღიდან მუშაობდა სტიქიის ზონაში“, – განაცხადა შს მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაძლიერი ქარის მიუხედავად, ბორჯომის ხეობაში ცეცხლის არც ერთი კერა არ გაღვივებულა, რაც გვაძლევს იმედს, რომ მომავალშიც ასეთი რამ თავს არ იჩენს