ბორჯომის ხეობაში მინისტრები ჩადიან

არსებობს მზადყოფნა და სამოქმედო გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სრული პრევენცია და მოსახლეობის გაყვანა, თუმცა ამ ეტაპზე ცალსახად ამის საშიშროება არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ის გეგმა, რომლის განხორციელებაც გუშინ ღამის განმავლობაში დაიწყო, შედეგს გვაჩვენებს.

„რთული სათქმელია ჩემთვის, რომ დღეს დასრულდება ეს პროცესი, მაგრამ შემიძლია დავარწმუნო საზოგადოება, რომ ყველა შესაძლო ზომა მიღებულია ხანძრის ლოკალიზაციისა და შემდგომი ლიკვიდაციისთვის“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, ყველაზე პირველი პრიორიტეტი მოსახლეობის უსაფრთხოებაა.

„განუწყვეტლივ ხდება რისკების შეფასება. არსებობს მზადყოფნა და სამოქმედო გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სრული პრევენცია და მოსახლეობის გაყვანა, თუმცა ამ ეტაპზე ცალსახად ამის საშიშროება არ არსებობს და არავინ აპირებს იმის რისკზე წასვლას, რომ მოსახლეობას საფრთხე შეუქმნას. თუ საჭირო გახდა, რა თქმა უნდა, ევაკუაცია განხორციელდება“, – განაცხადა სერგეენკომ.

თავის მხრივ, ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა აღნიშნა, რომ ის ინფრასტრუქტურა სრულიად დაცულია, რომლითაც სოფელ დაბას ელექტროენერგია მიწოდება.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ტყის მასივს ხანძარი 20 აგვისტოს გაუჩნდა. 21 აგვისტოს შუადღისთვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება, ფაქტობრივად, მოხდინეს, თუმცა ქარის გამო ხანძრის კერები კვლავ განახლდა. გუშინ ადგილზე ჩავიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მისი დავალებით ბორჯომში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.

banner
წინა სტატიაშიბორჯომში, არჯევანის ტყიდან ხანძრის მიმართულებით თროთის მთამდე დამატებით სამ კილომეტრიანი გზა გაიჭრა
შემდეგი სტატიაყაზბეგის გამზირიდან პეკინის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება