ბორჯომის ხეობაში დაახლოებით 100 ჰექტრამდეა დამწვარი

ბორჯომის ხეობაში დაახლოებით 100 ჰექტრამდეა დამწვარი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა.

ალავიძის თქმით, თუ ამინდმა მეხანძრე-მაშველებს ხელი არ შეუშალა, ხანძარი ხვალისთვის ლოკალიზებული იქნება.

„ბოლო ინფორმაცია დამაიმედებელია. ამჟამინდელი სიტუაცია დიდ ოპტიმიზმს გვაძლევს. ბოლო დღეების განმავლობაში 15:00-დან 18:00 საათამდე ქარი ძლიერდება, რაც ცეცხლს აღვივებს, თუმცა, თუ ისე გაგრძელდა ვითარება, რაც ამ მომენტისთვის გვაქვს, ვფიქრობ, ხანძარი ხვალისთვის ლოკალიზებული იქნება“, – განაცხადა ალავიძემ.

მისივე თქმით, დარჩენილია რამდენიმე კერა, რომელსაც ვერტმფრენები დაღამებამდე დაამუშავებენ.

„რკალი გვაქვს გაკეთებული ცეცხლის არეალისთვის, რომ არ მოხდეს ცეცხლის გავრცელება. 1500-მდე ცოცხალი ძალა გვყავს ჩართული ცეცხლთან ბრძოლაში, ჩვენი ტექნიკა ჯამში 60 ერთეულამდეა, 25 მეზობელი და მეგობარი ქვეყნებიდან არის. მუშავდება კერები. დაკვამლიანების პრობლემა არ არის. ორი თვეა არ უწვიმია, ნიადაგი დამსკდარია და ტორფი ღვივდება. რამდენიმე კერა გვაქვს კიდევ დარჩენილი, მაგრამ ამას ვერტმფრენები ამუშავებენ. ზუსტი წერტილები გვაქვს აღებული, რასაც ვერტმფრენები დაღამებამდე დაამუშავებენ. მოხალისეების ჩართვა არ არის საჭირო, რადგან გვყავს საკმარისი ცოცხალი ძალა. არდაგანს რაც შეეხება, იქაც ვერტმფრენები მუშაობენ“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის ხეობაში ხანძრის ლოკალიზება შესაძლოა, ხვალისთვის მოხერხდეს
შემდეგი სტატია,,დღის მეორე ნახევარში, ტრადიციულად, ქარი ართულებს ვითარებას, თუმცა სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს”