“ბოლოს და ბოლოს შობეთ და დაადეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილის მრავალმილიარდიან ქონებას”

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ვერანაირმა ზეწოლამ „ლეიბორისტული პარტია“ ვერ აიძულა, შესულიყო პარლამენტში.

ნათელაშვილის თქმით, ამით დასრულდება არა „ლეიბორისტული პარტია“, არამედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა.

„როგორც ცნობილია, ვერანაირმა ზეწოლამ „ლეიბორისტული პარტია“ ვერ აიძულა, შესულიყო ივანიშვილის სახელობის პარლამენტში და გაეთეთრებინა გაყალბებული არჩევნების შედეგები, მიტაცებული, უზურპირებული ძალაუფლება. სასჯელმაც არ დააყოვნა, ამ წუთში პარლამენტის პლენარული სხდომა იხილავს კანონს ფაქტობრივად, „ლეიბორისტული პარტიის“ საქმიანობის აკრძალვის თაობაზე, რომლის თანახმადაც, ჩვენ გვერთმევა კომისიებში დელეგირება, სარეკლამო უფლება, ის მათხოვრული დაფინანსებაც, რომელიც მილიარდელმა ივანიშვილმა დაგვიტოვა, 20 000 ლარი თვეში. ფიქრობენ, რომ ამით „ლეიბორისტულ პარტიას“ დაასრულებენ. მე კი, მათ ვპირდები, უფრო მალე დაასრულებენ ძალაუფლებით ტკბობას და ხელისუფლებაში ყოფნას“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი მიმართავს მოკავშირეებს ბრიუსელსა და ვაშინგტონში.

„მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს ბრიუსელსა და ვაშინგტონში, ბოლოს და ბოლოს შობეთ და დაადეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილის მრავალმილიარდიან ქონებას, რომელიც ჩვენგან მოპარულია და თქვენთან გამოტანილი. ბოლოს და ბოლოს, რას ელოდებით, ვიდრე არ მოაწყობს საკონცენტრაციო ბანაკს და ყველას არ შეგვყრის იქ ოფიციალურად?

ამგვარი რეპრესია პოლიტიკური პარტიის მიმართ არც ერთ დიქტატორს არ ჩაუდენია ბოლშევიკების და ადოლფ ჰიტლერის გარდა. ჩილეშიც კი რომ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, იქ პარტიების საქმიანობა მხოლოდ დროებით შეაჩერეს. სახეზეა არნახული, ბოროტებით აღსავსე დიქტატურა, რომელიც ებრძვის საქართველოს მომავალს.

ამ ეტაპზე ეს კანონპროექტი, კი, ,,ლეიბორისტული პარტიის“ დასასჯელად არის მიმართული, მაგრამ ხვალ საქართველოს მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, რათა როცა ივანიშვილი არჩევნებს გააყალბებს, ძალაუფლებას მიიტაცებს, ვერავინ გაბედოს პროტესტი, ვერც ერთი პარტია ქუჩაში ვერ გამოვიდეს და მუდმივად იყოს ივანიშვილების დინასტია ჩვენს მჩაგვრელად და ტყავის გამძრობად“, – განაცადა შალვა ნათელაშვილმა, რომელიც რეაგირებას სთხოვს კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანსაც.

„შევახსენებ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩ ჰარცელს, შარლ მიშელის სახელად მონათლული ხელშეკრულება მათი შუამავლობით იქნა მიღებული, მათი თავდადებული შრომით და იძულებით, რომ ოპოზიცია შეეყარათ პარლამენტში. ახლა ამოიღეთ ხმა, რატომ სხედხართ კაბინეტებში ჩუმად, რას ელოდებით, რატომ ფარავთ პუტინის ოლიგარქს. იგივეა, რომ ჯული ფიშერმა, ჩემმა მეგობარმა ბელარუსში, აშშ-ის ელჩმა დაუწყოს ლუკაშენკოს ლობირება და დაიწყოს ოპოზიციასთან მუშაობა, რომ ლუკაშენკოს საპარლამენტო არჩევნები გაუთეთრონ. რითაა ივანიშვილი ლუკაშენკოზე ნაკლები, იმ კაცმა სამუშაო ადგილები მაინც შეინარჩუნა, ამან ყველაფერი დააქცია და ვერ გავიგე, რატომაა ორმაგი სტანდარტი ვაშინგტონიდან, როდესაც ერთ დიქტატორს ქოლავენ და მეორეს, მასზე უარესს ათამამებენ და მთელს ქვეყანას თავზე ასვამენ. თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ დაფინანსების შეწყვეტის გამო დავანებებთ თავს მისი ჩამოგდების გეგმებს, ძალიან ცდება. მას აუცილებლად მოვახვედრებთ გლდანის ციხეში, მე მას შევპირდი და შევუსრულებ. რასაც დღემდე შევპირდი, შევუსრულე და კიდევ შევუსრულებ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ „ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში არ შევა.

 

banner
წინა სტატიაშირეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს
შემდეგი სტატიაჩვენ გაოცებული ვართ, რამ შეუცვალა გონება- მეუფე სპირიდონი ყოფილ ბენეფიციარზე