მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით სისხლისსამართლებრივი დევნა მაღალი რანგის 18 საჯარო მოხელის მიმართ, მათ შორის ძალადობრივ დანაშაულზე მაღალი რანგის 6 საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო. როგორც შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, ბოლო 8 თვეში წამების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 6 პირის მიმართ, მათ შორის მაღალი რანგის 5 საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო.
”2015 წლის სექტემბრიდან მაისის ჩათვლით პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით, (157, 158, 159-ე მუხლები) სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 19 პირის მიმართ, მათ შორის 6 საჯარო მოხელის მიმართ. 2015 წლის სექტემბრიდან მაისის ჩათვლით კი გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა მაღალი რანგის 17 საჯარო მოხელის მიმართ, საიდანაც ძალადობრივი ხასიათის დანაშაულზე მსჯავრდებულია მაღალი რანგის 6 საჯარო მოხელე”, – აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.