15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

ბოლო მშვიდობიანი 15 სექტემბერი სოხუმში

1993 წლის 15 სექტემბერს აფხაზეთში, განსაკუთრებით კი სოხუმში, დევნილი მოსახლეობის მასობრივი დაბრუნება დაიწყო. ქალაქში ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებოდნენ და პარალელურად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

თუმცა, 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის სოჭის შეთანხმება — „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ — და რუსეთის სამხედრო ნაწილების მხარდაჭერით სოხუმის მიმართულებით მასშტაბური შეტევა დაიწყო. პრაქტიკულად განიარაღებული ქალაქის წინააღმდეგ იერიში მძიმე ბრძოლებში გადაიზარდა, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა და მსხვერპლი მოჰყვა.

1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მძიმე მარცხით დასრულდა.

სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 27 სექტემბერს, დილიდან, აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელმა და კაზაკთა შეიარაღებულმა ფორმირებებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი დაიწყეს. ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი. მოგვიანებით ისინი დახვრიტეს.

1993 წლის 30 სექტემბერს რუსულ-აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა პოზიციები მდინარე ენგურის გასწვრივ დაიკავეს. აფხაზეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლება 30 სექტემბერს ყოველწლიურად აღნიშნავს, როგორც „საქართველოზე გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს“.

დაუზუსტებელი მონაცემებით, 1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების შედეგად ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაახლოებით 300 ათასი ადამიანი აფხაზეთიდან დევნილი და უსახლკაროდ დარჩა.

აფხაზური მხარის მონაცემებით, სამხედრო დაპირისპირების შედეგად დაიღუპა დაახლოებით 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.

სოხუმის დაცემა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად დარჩა — ტრაგედიად, რომელმაც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი ადამიანი საკუთარ სახლს მოწყვიტა.

banner
წინა სტატიაშისოფიო ხორგუანი: შარმანაშვილმა თქვა ის, რაც სამშობლოს ღალატია
შემდეგი სტატიანარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ახალგაზრდა ქალი დააკავეს