ბოლო დღეების კვლევებით, კორონავირუსი შსს-ს 11 თანამშრომელს დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, „კოვიდ-19“ ლაბორატორიულად დაუდასტურდათ. 11 თანამშრომლიდან – 7 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებში დაფიქსირდა, სამი შემთხვევა – მესტიის მუნიციპალიტეტში: მეხანძრე-მაშველს, დაცვის პოლიციელს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა, ხოლო მე-11 თბილისში დაცვის პოლიციის ინსპექტორს დაუდასტურდა, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შვიდივე თანამშრომელი დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ყველა მათგანი გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ამ თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ეპიდემიოლოგები მათ კონტაქტებს აქტიურად იკვლევენ. შემხებლობაში მყოფი 20-ზე მეტი თანამშრომელი უკვე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში.

აღნიშნულ თანამშრომელთა სამუშაო სივრცეებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა სამსახურებრივი ავტოტრანსპორტი.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სამუშაო რეჟიმის დროს, მოქალაქეებთან ურთიერთობისას, მკაცრად იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და უსაფრთხოების პროტოკოლით განსაზღვრულ ნორმებს“, – აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს ცნობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით, კორონავირუსზე მიზნობრივი ტესტირება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს მუდმივ რეჟიმში უტარდებათ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: სვანეთში 4 000-მდე ადამიანის გამოკვლევაა დაგეგმილი