ბოლო 24 საათში გამოვლენილი სამი ახალი შემთხვევიდან ერთი შემოტანილია, ხოლო ორის წყაროს მოძიება გრძელდება – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავურუსის სამი ახალი შემთხვევიდან, ერთი შემოტანილია, ხოლო ორის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა წარმოებს.

რაც შეეხება შემოტანილ შემთხვევას, ეზუგბაიას თქმით, საუბარია სატვირთო ავტომობილის მძღოლზე.

„დღევანდელი მონაცემებით, სამი ახალი შემთხვევა გვაქვს და ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 1006-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულები 10-ით გაიზარდა და გახდა 883. სამი ახალი შემთხვევიდან ერთი არის შემოტანილი შემთხვევა, კვლავ ავტომობილის მძღოლია. ორ შემთხვევაზე გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევით წყაროს მოძიება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაია ამბობს, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდნეობა 87.7 პროცენტს შეადგენს, ხოლო კოვიდ-ცენტრებში ამ ეტაპზე 136 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით 21 პაციენტი მკურნალობს, ორი პაციენტი კი თურქეთში, საკუთარ ქვეყანაში გადაიყვანეს.

„ჩვენი ცენტრის მონაცემებით, გუშინ გვყავდა 26 დადასტურებული პაციენტი, აქედან სამი გამოჯანმრთელდა, ორი პაციენტი გადაყვანილ იქნა თავის ქვეყანაში. ჩვენ გვყავდა თურქეთიდან სატვირთო ავტომანქანის მძღოლები, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, პროგრესირება არ შეინიშნებოდა და გადაყვანილი იქნენ თავის ქვეყანაში. ჩვენთან ახლა 21 დადასტურებული შემთხვევაა, მათი მდგომარეობა სტაბილური და უცვლელია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : ხელისუფლება ვალდებულია, უმკაცრესად უპასუხოს რუსეთის ყველა პროვოკაციას
შემდეგი სტატიარუსეთი დღითიდღე უფრო თავხედურ განცხადებებს აკეთებს და ქმედებებს ახორციელებს, მიზეზი საქართველოს მთავრობის უმოქმედობაშია – სამადაშვილი