ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 32-მდე გაიზარდა

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 32-მდე გაიზარდა. რამდენიმე პაციენტთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში საღამოს მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, კორონავირუსი კიდევ ოთხ პირს დაუდასტურდა. ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ. ინფორმაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, ბოლო დადასტურებული ოთხი შემთხვევა უკავშირდება ბოლნისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დაინფიცირებულ თანამშრომელთა კლასტერს. ამ კლასტერთან დაკავშირებით ამ დროისთვის ინფიცირების 19 დადასტურებული ფაქტია გამოვლენილი.

შექმნილი ვითარების გამო, ბოლნისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი დახურულია და ადგილობრივების სამედიცინო დახმარებას მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები ახორციელებენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის, საერთო ჯამში, 32 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან ერთი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში მყოფი პირთა რაოდენობა 252-მდე გაიზარდა, ხოლო კარანტინში იმყოფება 87.

პარალელურად, მუნიციპალიტეტში მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ზომები გამკაცრდა კიდევ ორ დასახლებაში, დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში. ორი დღის წინ ზომები გამკაცრდა სოფელ სავანეთში, ხოლო ერთი კვირის წინ ქვემო ბოლნისის დასახლებაში.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: ჩვენ ვიცით, როგორ გრძელდება დღესასწაული სასაფლაოებზე გასვლის ტრადიციით და რა მოჰყვება ამ ყველაფერს
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმში