ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და მარნეულში ძალადობის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში და 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს.

ამის შესახებ განცხადება უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ გააკეთა.

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1987 წელს დაბადებული პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტი და 1977 წელს დაბადებული შპს მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის ხელმძღვანელი, რომლებმაც იძალადეს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებზე და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მათ.

ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 27 სექტემბერს ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1986 წელს დაბადებული „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, რომელმაც ბლაგვი საგნის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა პარტია ქართული ოცნების მხარდამჭერებს.

საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ასევე, დაკავებულია 1989 წელს დაბადებული პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელმაც საარჩევნო კომისიის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით, მზაობას გამოთქვამენ, ითანამშრომონ ყველა დაინტერესებულ უწყებასთან, მათ შორის, სახალხო დამცველთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესში დემოკრატიის მაღალი ხარისხის დაცვას.

„მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მშვიდ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეული სამართალდამრღვევი პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად“, – განაცხადა ბორცვაძემ.

ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა, მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.

„უწყების თითოეული თანამშრომელი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება აღნიშნულ ამოცანას და მყისიერ სამართლებრივ რეაგირებას ახდენს თითოეულ ინციდენტზე. ჩვენ არ დავუშვებთ საარჩევნო პროცესის ძალადობივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე“, – აღნიშნა ვლადიმერ ბორცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიმარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ქველაძე დააკავეს
შემდეგი სტატიაგოჩა კურდღელია: “ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია „