ბოკუჩავა – ივანიშვილის სურვილია, პროპაგანდით და დეზინფორმაციით შეინარჩუნოს ძალაუფლება

ივანიშვილის სურვილია, პროპაგანდით და დეზინფორმაციით შეინარჩუნოს ძალაუფლება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში ქართველი ხალხი მხარს ცვლილებს დაუჭერს.

„მჯერა, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს ინფორმირებულ არჩევანს და მიუხედავად ივანიშვილის დეზინფორმაციისა, ხმას მისცემს ცვლილებებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური კურსის დასაბრუნებლად სჭირდება. ეს არის ერთადერთი რეალური შანსი ჩვენი ქვეყნის, საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება ოპოზიციურ გაერთიანებას, ბოკუჩავას თქმით, დღეს ქვეყანას სჭირდება არა დაყოფა და დაპირისპირება, რასაც მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი მუდმივად ქადაგებს, არამედ გაერთიანება.

„როდესაც სხვა პარტიები გარკვეული მიზეზების გამო, გაერთიანებას ვერ ახერხებდნენ, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო პირველი, რომელიც გაერთიანდა საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებთან, დამოუკიდებელ დეპუტატებთან, ახალგაზრდებთან და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გავერთიანდით ქართველ ხალხთან საერთო ძალისხმევაში, რომ შევცვალოთ ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკური განვითარების გზაზე დავაყენოთ. ის, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება არა დანაწევრება, დაყოფა და დაპირისპირება, რასაც ივანიშვილი მუდმივად ქადაგებს, არამედ გაერთიანება საერთო, ეროვნული მიზნების ირგვლივ, ეს არის ფაქტი და ამაზე მეტყველებს თითოეული შეხვედრა, რომელსაც ჩვენ ერთიანობის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონში ვატარებთ“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – შავი ზღვის იქით არის ევროკავშირი, შავი ზღვის აქეთაც უნდა გადმოსულიყო ევროკავშირი, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონის“ მიღებით ეს შეაჩერა
შემდეგი სტატიაორბანი აცხადებს, რომ ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში ოლივერ ვარჰეის კანდიდატურას წარადგენს