ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, “ოცნება” ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ ძველ სარჩელს გამოითხოვს და ახალს შეიტანს – რომელშიც, “ასაკრძალი” პარტიების სიას ფედერალისტები დაემატება.
“სინამდვილეში, ქოცებს ეს ტაკიმასხარაობა იმიტომ დასჭირდათ, რომ ივანიშვილი ცდილობს, დრო მოიგოს. ის ცდილობს, პარტიების გაუქმების საკითხით საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან ივაჭროს და ეგონა, რომ ამ დრომდე, შანტაჟისა და ფეხების ბაკუნის პოლიტიკით რაღაცას გახდებოდა – რომ მათ ეტყოდა: ჩემ მიმართ დაწესებული სანქციები გააუქმეთ, ხელი ჩამომართვით, მაღიარეთ და პარტიებს არ გავაუქმებო, მაგრამ ნახა, რომ მთელი ამ თვეების განმავლობაში, შანტაჟისა და ფეხების ბაკუნის პოლიტიკამ არ გაჭრა და ახლა ცდილობს, დრო მოიგოს და სარჩელი თავიდან შეიტანოს, რათა 9-თვიანი ვადის ათვლა თავიდან დაიწყოს.
უბრალოდ, მას უნდა ესმოდეს, რომ ეს სარჩელი რამდენჯერაც არ უნდა შეიტანოს, გამოიტანოს და დროის მოგებას ეცადოს, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან გადატვირთვა მისი პირობებით ვერანაირად ვერ მოხდება. ამას ირაკლი კობახიძე ვერ იზამს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ამერიკელებსაც გადაკიდა და ევროპელებსაც. ამისთვის საჭიროა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის რეალურად ნორმალიზებისთვის აუცილებელი წინაპირობების შექმნა, რაც გულისხმობს: პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რეპრესიული კანონების გაუქმებას, დამნაშავეების დასჯას და საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის გაჩენას”, – თქვა ბოკუჩავამ.















