ბოკუჩავა – ერიკა ოლსონი ძალიან კარგად არის ინფორმირებული მიმდინარე მოვლენებზე

ერიკა ოლსონი ძალიან კარგად არის ინფორმირებული მიმდინარე მოვლენებზე, განვიხილეთ ორი საკითხი, სააკაშვილის მდგომარეობა და გაყალბებული არჩევნები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკჩავამ საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანსა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ 30 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს საერთო არაფერი ჰქონდა არჩევნებთან.

„ორი საკითხი განვიხილეთ. ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მდგომარეობა, მათ შორის მისი უკანონო გატაცება ციხიდან, ასევე გაყალბებული არჩევნები. რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილს, გლდანის ციხის მიმდებარე საავადმყოფოში ის იმყოფება გარემოში, რომელიც არის არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემნახველი გარემო. მყისიერი რეაგირებაა საჭირო და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი ტრანსპორტირება მისთვის უსაფრთხო გარემოში. ასევე შეძლებს, მიიღოს სამედიცინო მომსახურება, ეს არის მყისიერი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. რაც შეეხება არჩევნებს, ეს არის ინსტიტუციური ცვლილება, რათა დაიბრუნოს ხალხმა წართმეული არჩევანი. ყველა ვთანხმდებით, რომ 30 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს საერთო არაფერი ჰქონდა არჩევნებთან. ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც მიზანს ისახავდა ხალხის ნების უგულებელყოფას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, როდესაც პარტნიორი ქვეყნები არ ასრულებენ აღებულ ვალდებულებებს საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, გამოიყენება სხვადასხვა ინსტრუმენტი და ერიკა ოლსენმა ერთ-ერთი ინსტრუმენტი, სანქციები დღევანდელ შეხვედრაზე ახსენა.

„ერიკა ოლსონი ძალიან კარგად არის ინფორმირებული მიმდინარე მოვლენებზე და ბუნებრივია, მათ ინტერესს წარმოადგენს, რომ ქვეყანაში არ იყოს ისეთი ქაოსი და დაპირისპირება, რომლისკენაც უბიძგებს „ქართული ოცნება“, მათ შორის, გუშინდელი პროვოკაციული ქმედებით, რომლითაც მრავალათასიანი პროტესტის წინ მოხდინა პრეზიდენტის სააკაშვილის გატაცება.

აშშ-ს გააჩნია ბევრი სხვადასხვა ინსტრუმენტი პარტნიორ ქვეყანასთან. ეს სტატუსი საქართველოს ჯერ რჩება და ჩვენი მიზანია, სტატუსი შევუნარჩუნოთ. სამწუხაროდ, საფრთხის ქვეშ აყენებს ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ პარტნიორ ქვეყნებთან გამოიყენება სხვადასხვა ინსტრუმენტი, როდესაც ისინი არ ასრულებენ აღებულ ვალდებულებებს საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. ერთი ასეთი ინსტრუმენტი არის სანქციები, რომელიც თავად ერიკა ოლსონმა უკვე ერთხელ ახსენა. რა თქმა უნდა, ჩვენი თხოვნა არის, რომ ეს სანქციები იყოს ტარგეტირებული და მან არ დააზიანოს ქართველი ხალხი, ტარგეტირება მოხდეს მოსამართლეებისა და ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე განმარტავს, რატომ არ ვრცელდება „მწვანე პასპორტის“ მოქმედება საზოგადოებრივ ტრანპორტში
შემდეგი სტატია“ოპოზიციონერი ლიდერები ქადაგებენ იმას, რაც იციან, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სიმართლე არ არის”