“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტ სააკაშილის მოწოდებას გაერთიანებაზე მიესალმება და სრულად იზიარებს. ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ძალა სწორედ ერთობაშია და ამიტომ, კოალიციის კარი პარტია “ახლისთვის” და მათი კოალიციური პარტნიორებისთვის ღიაა.
ივანიშვილის მცდელობას, ქართველი დაყოს და დააპირისპიროს ძალადობით და სიძულვილის მუდმივი პროპაგანდირებით, ჩვენ ქვეყნის გამთლიანებითა და გაერთიანებით უნდა ვუპასუხოთ. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა განვაცხადო, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ — მივესალმები და ვიზიარებ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, საპატიო თავმჯდომარის, გუშინდელ მოწოდებას გაერთიანებისკენ.
ნაციონალური მოძრაობის – და ჩვენი კოალიციური პარტნიორების – კარი ღიაა პარტია “ახლისთვის” და მათი კოალიციური პარტნიორებისთვის. ჩვენ მზად ვართ, სისრულეში მოვიყვანოთ პრეზიდენტი სააკაშვილის მოწოდება გაერთიანებაზე, რადგან ღრმად გვწამს სიტყვების, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის ხელით ჩაამატა საქართველოს ეროვნული გერბზე – ძალა ერთობაშია. ძალა მართლაც ერთობაშია. ძალა ევროპაშია. მჯერა ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მიხეილ სააკაშვილი მელია, გვარამია, ხოშტარია, ჯაფარიძის ალიანსს “ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებას სთავაზობს. მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მსხვილი ოპოზიციური კოალიციების არსებობა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების ერთადერთი გზაა.