ბოკუჩავა: ავთენტურობის დასტურების შემთხვევაში გადადგეს ყველა პირი ვინც იქ მონაწილეობს და პასუხისგებაში მიეცეს

რაც შეეხება ჩანაწერის ავთენტურობის საკითხს, გავაგზავნოთ ერთობლივად, თუნდაც ტელევიზიამ, არასამთავრობო სექტორმა ან სახალხო დამცველმა გაგზავნოს ჩანაწერები საერთაშორისო ექსპერტიზაზე და მათი ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, გადადგეს ყველა პირი, ვინც იქ მონაწილეობს, პასუხისგებაში მიეცეს მათ შორის ის, ვინც ამ დავალებებს გასცემს და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საერთო პოზიციაზე ჩამოყალიბდება, თუმცა, რთული წარმოსადგენია, მოლაპარაკების მაგიდასთან მეორე მხარეს ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენდეს.

„ოპოზიცია შეიკრიბება, რათა საერთო პოზიციები გვქონდეს ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. ჩემთვის პერსონალურად რთულად წარმოსადგენია, როგორ უნდა იჯდეს მოლაპარაკებისას მეორე მხარეს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გუშინ გავრცელებული აუდიოს საფუძველზე, ეჭვმიტანილია უმძიმეს დანაშაულში. ნორმალურ სახელმწიფოში უკვე აღძრული იქნებოდა საქმე ამ ადამიანის წინააღმდეგ ისევე, როგორც სხვა ადამიანის, რომელიც ფიგურირებს ამ ჩანაწერებში, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ გვყავს გამოძიება, რომელსაც მინიმალური სანდოობა აქვს, ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მათ შორის საერთაშორისო აქტორების ჩართვა, საერთაშორისო ექსპერტიზის სახით, რათა დადასტურდეს აღნიშნული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა და ბიძინა ივანიშვილმა სხვა შიკრიკი გამოაგზავნოს მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ ამგვარი რაუნდი შედგა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიხოშტარაია: მათთან ურთიერთობა წარმოუდგენელია და წასვლაზე მოლაპარაკებები აუცილებელი
შემდეგი სტატიაოპოზიცია მოლაპარაკებების ჩაშლას არ აპირებს