ბოკუჩავა: ახლა უმთავრესი არის პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობა

ახლა უმთავრესი, რა თქმა უნდა, არის პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ასევე მისი გათავისუფლება ნებისმიერი პენიტენციური დაწესებულებიდან იმიტომ, რომ ვერსად ვერ იქნება მისი უფლებები დაცული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლის შემდეგ განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ადეკვატურ მკურნალობაზე საუბარი შეუძლებელია.

„იმედი მაქვს, რომ პროცედურულ დაბრკოლებას არ ექნება ადგილი და შევძლებ, რომ მოვინახულო პრეზიდენტი სააკაშვილი. რამდენადაც მისი ადვოკატები ისევე, როგორც ჩემი კოლეგა დეპუტატები, რომლებიც იმყოფებოდნენ მასთან გუშინ, ადასტურებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე. რა თქმა უნდა, უმთავრესი პრიორიტეტი თითოეული ჩვენგანისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, თუმცა ასევე უნდა ვისაუბროთ სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე.

რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, ეს არის ნამდვილად განგრძობადი წამება და არაადამიანური მოპყრობა პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ. არ არსებობდა მიუკერძოებელი ექიმების და მათ შორის არც სახელმწიფო მულტი დისციპლინარული ჯგუფის დასკვნა, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდებოდა მისი გადმოყვანა რუსთავში. მიუხედავად ამ დასკვნების არ არსებობისა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მკურნალი ექიმი შემდეგ დააშინეს და ამ დაშინების და შანტაჟის ფონზე მან შეცვალა ჩვენება, ადასტურებდა, რომ რეალურად გადაყვანის საფუძველი არ იყო. მისი გადაყვანა მოხდა მალულად შუაღამისას ისე, რომ ეს ინფორმაცია არ ჰქონდათ არც ადვოკატებს, არც ოჯახის წევრებს, არც სახალხო დამცველს. მისი ამ სისტემაში დატოვება და მით უმეტეს რაიმე ადეკვატურ მკურნალობაზე საუბარი არის სრულიად შეუძლებელი. ყველამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ გადარჩეს ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რომელიც მუდმივად საფრთხის ქვეშაა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ აქაც იყოს აქციები”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მერმა წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა
შემდეგი სტატიასაკეისრო კვეთის დროს ორსული გარდაიცვალა